ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

05.05.2019 • 2535
შუახევში გოგინაურიჰესის მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა

შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის [გოგინაურიჰესის] მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

გოგინაურიჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ  საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით:

„ალტერ ენერჯიმ“ საქმიანობის განხორციელება უნდა უზრუნველყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ტექნოლოგიური სქემის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად;

კომპანიამ, მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს ფაუნის დამატებითი კვლევის ჩატარება საპროექტო არეალში „წითელი ნუსხის“ სახეობების გამოვლენის მიზნით;

ასევე კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს სათანადო კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული, განახლებული ბიომრავალფეროვნების ნაწილის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • კუმულაციური ზემოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის დასაბუთებას;
  • მდინარე  ჩირუხუსწყლის 300-მეტრიან მონაკვეთში წყლის შემცირების გამო ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებას;
  • საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული ბერნის კონვენციით და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: სვავი, მთის არწივი, ევროპული მაჩქათელა, ბატკანძერი, ორბი, სამხრეთული ცხვირნალა, ცხვირნალა, დათვი, კავკასიური გველგესლა და ა.შ.
  • „ზურმუხტის ქსელის“ საიტში მოქცეული უხერხემლოების შესახებ ინფორმაციას.
  • „ალტერ ენერჯიმ“ საპროექტო ტერიტორიაზე ხე-მცენარეების ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, უნდა მოახდინოს აღნიშნული საკითხის შეთანხმება სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან და შეთანხმებიდან 1 თვის ვადაში სამინისტროში წარადგინოს შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი; მდინარე მოდულისწყალის დაბინძურების პრევენციის მიზნით სადერივაციო მილსადენის მშენებლობის პერიოდში უზრუნველყოს პროექტით განსაზღვრული ყველა პარამეტრების, მათ შორის დაბინძურებისაგან დაცვის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება;
  • მშენებლობის დაწყებამდე უზრუნველყოს სათავე ნაგებობაზე თევზდამცავი და თევზამრიდი ღონისძიებების/ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა და სხვ.
    მოიცავდეს

[/checklist]

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება ძალაში შედის შპს „ალტერ ენერჯის“ მიერ მისი გაცნობისთანავე. ბრძანებას მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხელი 2019 წლის პირველ მაისს მოაწერა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი ძალაში შესვლიდან ხუთი დღის ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა განთავსდეს შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საინფორმაციო დაფებზე.

გოგინაური ჰესის სქემის მეტნაკლებად რეალისტური ალტერნატიული ვარიანტები [წითელი და მწვანე ფერის ხაზები] და გვირაბის ვარიანტი [ლურჯი ფერის ხაზი] / წყარო: გზშ

ამ თემაზე: 

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: