რატომ მოხვდა 9 მეორეკლასელი ინფექციურ საავადმყოფოში


ბათუმის მე-18 საჯარო სკოლიდან ცხრა მეორეკლასელის ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით გადაყვანის მიზეზი ცნობილია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში გულისრევის შეგრძნება გამოწვეული იყო მიმბაძველობით.

„როცა ერთ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, დანარჩენი ბავშვები კოლექტიურად აჰყვნენ ამ პროცესში,“- ამბობს რუსუდან შავიშვილი.

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას ბუფეტი არ აქვს.  სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში სახლიდან მოტანილი კვერცხი და პასკა ჭამეს, თუმცა ორ მათგანს, რომლებიც შემდგომში საავადმყოფოში გადიაყვანეს, სკოლაში არაფერი არ უჭამია.

თავდაპირველად ეჭვი არსებობდა იმაზე, რომ ბავშვებში მოწამვლა შესაძლოა კვერცხს გამოეწვია, თუმცა, როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, კვლევამ ეს ვერსია გამორიცხა.

„ინფექციურში მიყვანის დროსაც ყველა ბავშვი აქტიური იყო, მეორე დღეს ეს ბავშვები მივიდნენ სკოლაში და ჩართული იყვნენ სასწავლო პროცესში და არც ერთს არ ჰქონდა ჩივილები. ჩვენ დინამიკაში მაინც ვაგრძელებთ გამოკითხვას და მეთვალყურეობას, ბოლო გამოკითხვების დროს ბავშვები ჩივილებს არ აღნიშნავდნენ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა დადგინდა იმ ბავშვის შემთხვევაში, ვისაც პირველად ჰქონდა ღებინება, რუსუდან შავიშვილის თქმით, ბავშვმა საუბარში აღნიშნა, რომ სკოლაში წამოსვლამდე ჰოთდოგი შეჭამა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com