მთავარი,სიახლეები

იუნუს წულუკიძე – დავიწყებული კანონმდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

03.05.2019 • 3423
იუნუს წულუკიძე – დავიწყებული კანონმდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

ავტორი: ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი

_______________________

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე იდგა. პირველ რიგში, საფრთხე ემუქრებოდა მისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ პერიოდისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ოსმალეთს უკვე დაკავებული აქვს ბათუმის ოლქი, ასევე, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი. მსოფლიო ომის დასრულებისა და ოსმალეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა კონტროლის აღდგენას ახერხებს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებზე, 1919 წლის გაზაფხულზე იკავებს არტაანის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა  კვლავ ღიად რჩება ბათუმის ოლქის საკითხი, რომელიც 1918 წლის გვიან შემოდგომიდან ბრიტანეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული. რესპუბლიკის პოლიტიკური კლასი და მოქალაქეები მტკივნეულად აღიქვამენ ბათუმის ოლქის გაურკვეველი მომავლის საკითხს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბათუმის ოლქი 1920 წლის ივლისამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში არ შედიოდა, ქართველი მუსლიმი პოლიტიკოსები ბათუმის ოლქიდან აქტიურ საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში. ცნობილია, რომ 1918 წლის განმავლობაში ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) შედიოდნენ ჰაიდარ და მემედ აბაშიძეები, 1919 წლის 12 მარტიდან კი ახლად არჩეულ დამფუძნებელ კრებაში კანონმდებლის მანდატი ჰაიდარ აბაშიძემ, ყადირ შერვაშიძემ და ოსმან მიქელაძემ მოიპოვეს. სამივე პოლიტიკოსი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას წარმოადგენდა.

ამ ცნობილ პოლიტიკოსებთან  ერთად 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლის უაღრესად საპატიო მანდატს კიდევ ერთი პოლიტიკოსი ფლობდა, რომელსაც კანონმდებლის ანკეტაში მითითებული ჰქონდა „ქართველი მაჰმადიანი“. ეს ადამიანი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი იუნუს წულუკიძე იყო, რომელიც ბათუმის ოლქში, ქობულეთის რაიონში, სოფელ ლეღვაში ცხოვრობდა. იუნუს წულუკიძის მიერ 1918 წელს შევსებული სადეპუტატო ანკეტა გვამცნობს, რომ ის 1880 (1881?) წელს დაიბადა სოფელ ლეღვაში, მიღებული ჰქონდა სასულიერო განათლება (სავარაუდოდ ქალაქ სტამბოლში) და იმჟამად სოფლის მეურნეობას მისდევდა.

იუნუს წულუკიძე. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

იუნუს წულუკიძე 1918 წლის 15 მაისიდანვე ანუ შექმნის დღიდანვე იყო დამფუძნებელი  წევრი „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა“, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმის ოლქის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებისთვის.  საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ იუნუს წულუკიძე დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც  აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწოდა, იგი განმათავისუფლებელი კომიტეტის კიდევ ერთ წევრთან, ქემალ ნოღაიდელთან ერთად 1918 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა დახმარებას ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ქართველი მუსლიმებისათვის ქართული სკოლის გახსნისთვის და ქალთათვის ხელსაქმის  სასწავლებლის შესაქმნელად.

ანკეტა დაცულია ეროვნულ არქივში

1918 წლის მაისში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ იუნუს წულუკიძე ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო 1918 წლის შემოდგომაზე საბჭოს რამდენიმე წევრის მიერ კანონმდებლის მანდატის დატოვების შემდეგ, იუნუს წულუკიძე ოფიციალურად გახდა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი. 1919 წელს იუნუს წულუკიძე ბათუმის ოლქში დაბრუნდა და განმათავისუფლებელი კომიტეტის საქმიანობაში ადგილზე ჩაერთო, ის კვლავ რჩებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრად.

სამწუხაროდ, მისი შემდგომი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. გაურკვევლობითაა მოცული მისი გარდაცვალების ფაქტიც, შთამომავლობის გადმოცემით 1920-იანი წლების დასაწყისში ის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

იუნუს წულუკიძე მშობლიურ სოფელში, ლეღვაშია დაკრძალული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: