მთავარი,სიახლეები

რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ

01.05.2019 • 1429
რა გაარკვია მინისტრმა? – გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები აქციების ისევ გამართვენ

„მინისტრი შუამავლობას დაგვპირდა, მაგიტომ დავიშალეთ, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არც კი შეგვხვედრია. ჩვენ მორიგი საპროტესტო აქციისთვის ვემზადებით,“ – ამბობს ნოდარ ქათამაძე. ის 21 მარტს ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ბიძაა. მისივე თქმით, სავარაუდოდ,  გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საპროტესტო აქციას შაბათს ისევ გამართავენ. აქციის ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.

ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი ექიმების დასჯას და დროულად რეაგირებას ითხოვენ. ბოლო აქცია 14 აპრილს გაიმართა. მაშინ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე მათ მედიატორობას დაჰპირდა. ამ პირობით საპროტესტო აქცია დაიშალა.

რა გაარკვია ჯანდაცვის მინისტრმა? – ზაალ მიქელაძემ გვითხრა, რომ კონკრეტულად მელანო ფუტკარაძის შემთხვევაში ჯერ კიდევ ელიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მომზადებისთანავე რეგულირების სააგენტოს გადაეგზავნება. რამდენიმე სხვა შემთხვევაში კი, სამინისტრო გარდაცვლილის ახლობლებს რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით მიმართვაში დახმარებია.

„მედიატორობა გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია. ზუსტად იცოდნენ, ვის მიმართონ. რომ გამოხვალ ქუჩაში და რაღაცას გააპროტესტებ, ეს ვერ იქნება რაღაცის საფუძველი, თუ არ მიმართე კონკრეტულ ორგანოს, პროკურატურას ან ჯანდაცვის სამინისტროს“, – გვიპასუხა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა შეკითხვაზე, თუ როგორ ესმის მას მედიატორის როლი ამ პროცესში. მას აქვე ვკითხეთ, რატომ არ შეხვდა ამ დრომდე იგივე მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებს, თუკი მიიჩნევს, რომ ინფორმაციის მიწოდებაა მისი მთავარი ფუნქცია.

„მე რომ დაველაპარაკო, რა უნდა ვუთხრა ამ ადამიანებს? მელანო ფუტკარაძის შემთხვევაში, მათ ეს გზა უკვე იცოდნენ… ჩვენ არ გვაქვს რეგულირების ფუნქცია და კონკრეტულ თემას ვერ მოვიკვლევთ,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრს, რომელმაც ამ პროცესში მედიატორის როლის შესრულება არჩია, ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ამ ადამიანების პროტესტის გრძნობა აღარ ჰქონდეთ.

„ვფიქრობთ მაგაზე… ეს არ არის ერთ კომენტარში გადასაწყვეტი თემა. ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა: სამედიცინო სფეროს გაბიზნესება, ამის გვერდით აგრესიული სამედიცინო ტურიზმი. არსებობს არასწორი კომუნიკაციის პრობლემაც,“ – მიიჩნევს მინისტრი.

„არასწორ კომუნიკაციაში“ ზაალ მიქელაძე მოლოდინს გულისხმობს, რომელიც ხშირად გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებს აქვთ. მინისტრი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე „ღრმა ანალიზს“ პროფესიული საბჭო ვერ გააკეთებს და ამასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროფესიული ორგანო ექიმს სისხლის სამართლის წესით ვერ დასჯის.

მიიჩნევს თუ არა ხელისუფლება, რომ არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის კუთხით რეაგირების პრობლემა, როცა ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს მხოლოდ რამდენიმე თვით უჩერდება უფლებამოსილება? – „ყველას აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლები. რეგულირების სააგენტოს აქვს თავისი კომპეტენცია. ის არაა ორგანო, რომელიც ექიმს განაჩენს გამოუტანს… თუ გადახედავთ ევროპის ქვეყნის შემთხვევებს, იქ საერთოდ არ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ზაალ მიქელაძეს იმ ევროპული პრაქტიკის შესახებ ვკითხეთ, რომლის მიხედვითაც პაციენტს წინასწარ, მარტივად შეუძლია გაიგოს კონკრეტული ექიმის პროფესიული წარმატების და დასმული პასუხისმგებლობის შესახებ და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია უშუალოდ სამედიცინო დაწესებულების ინტერნეტგვერდზე. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჯანდაცვის ექსპერტი, თენგიზ ვერულავა ესაუბრა.

„ინფორმაცია არც აქ არაა დახურული, სააგენტოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გადაწყვეტილებებზე, რომლის მოძიებასაც ცალკე ძალისხმევის გაღება სჭირდება, რომ პაციენტმა ის გაიგოს.

„ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერო, გეტყვის, ვის უნდა მიმართო, მაგალითად, კარდიოქირურგიის შემთხვევაში… კარგია, თუკი მსგავსი ბაზა იქნება,“ – გვიპასუხა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

მთავარი ფოტო: გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების საპროტესტო აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, 14 აპრილი, 2019 წელი – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან“. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: