9 მეორეკლასელი სკოლიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს


დღეს, 30 აპრილს, 9 ბავშვი გადაიყვანეს ბათუმის #18 საჯარო სკოლიდან ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მეორეკლასელების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი, იგი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს საკვებისმიერი მოწამვლა, თუმცა ამ ეტაპზე ინფორმაცია მუშავდება:

„ბავშვებს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ კონსულტაცია, გაუკეთდათ ტრასფუზია ანუ გადასხმა, ამჟამად ბავშვები არიან აქტიურები და მათ დღესვე გაწერენ საავადმყოფოდან, რადგან არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ჩვენი ეპიდემიოლოგები იყვნენ ადგილზე, სწავლობენ სიტუაციას, ახლა არის კრებითი ფაზა, როდესაც იკრიბება ინფორმაცია, რომ დაიდოს სათანადო დასკვნები. ამ ცხრა ბავშვის გარდა არის კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც უფრო ადრე წაიყვანა სკოლიდან მშობელმა, იქაც ბავშვი აქტიურია და ჩივილები არ აქვს. სავარაუდოდ, ეჭვის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის კვებითი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო პასუხი, ინფორმაცია უნდა დამუშავდეს. მიმდინარეობს ეპიდკვლევა, რომელიც გაგრძელდება ხვალაც“ – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“.

მისივე თქმით, სკოლაში არ არის ბუფეტი, სადაც ბავშვებს საკვების ყიდვა შეეძლოთ.

___________________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com