მთავარი,სიახლეები

„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

29.04.2019 • 1440
„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

„35 წლის ვარ, ექიმთან გამოკვლევებზე 12 წლის შემდეგ პირველად ვარ. ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია თითქოს არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია, მაგრამ ვერ იმეტებ საკუთარი თავისთვის. კონსულტაციას ექოსკოპია, დანიშნულება და წამლები მოყვება, რასაც ვეღარ წვდები“, – ამბობს ყოფილი პატიმრის მეუღლე, ნინო (სახელი შეცვლილია) რომელსაც 25 აპრილს უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში.

ორდღიანი სამედიცინო აქცია ითვალისწინებდა გინეკოლოგიურ და ამბულატორიულ კვლევებს, კონსულტაციებს, ექოსკოპიას, საჭიროების შემთხვევაში კოპოსკოპიასა და ანალიზებს. ორდღიან სამედიცინო აქციაში ოცმა ქალმა მიიღო მონაწილეობა – ყოფილი პატიმრების, პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრებმა.

დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. ამ ხნის განმავლობაში პროექტის ფარგლებში არაერთი სამედიცინო აქცია მოეწყო. სხვადასხვა აქტივობები იგეგმება მომავალშიც, ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით.

პროექტის ბენეფიციარი, პრობაციონერის მეუღლე ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ მისთვის სამედიცინო აქცია დროული იყო.

„ერთ ანალიზზე ვიყავი შესული, აქედან კიდევ ბევრ სხვა ანალიზზე გამგზავნეს. ჩემით რომ მოვსულიყავი, ამდენ პროცედურას ერთად ვერ გავიკეთებდი, თუმცა გადაუდებლად მჭირდებოდა. ექიმთან დაახლოებით 4 წელია არ ვყოფილვარ“, – ამბობს ქეთევანი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ თავიდან ქეთევანის მეუღლე ჩაერთო და პროგრამის არაერთი მომსახურებით ისარგებლა, მათ შორის ენის კურსებით, საგრანტო და სარეაბილიტაციო მიმართულებით.

გარდა სამედიცინო მიმართულებისა, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ სარეაბილიტაციო სერვისებს:

სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება – საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;
• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
• იურიდიული დახმარება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: