მთავარი,სიახლეები

ელექტრომობილების ბოლო დღე ბულვარში – ხვალიდან აკრძალვა ძალაში შედის

30.04.2019 • 1639
ელექტრომობილების ბოლო დღე ბულვარში – ხვალიდან აკრძალვა ძალაში შედის

„თუ თორნიკე რიჟვაძე არ შეგვხვდება და ისევ აეროპორტის დასახლებაში გადასვლას გვეტყვიან, არ დავიშლებით. პირიქით, ხვალიდან პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ჩვენ საარსებო წყაროს გარეშე გვტოვებენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც ამ დრომდე კვადროციკლს აქირავებდა ბათუმის ბულვარში.

ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილება აკრძალულია. ბულვარში უკვე განათავსეს ახალი საინფორმაციო დაფები, სადაც ახალი აკრძალვების შესახებ ნახავთ ინფორმაციას.

ბექა გუგუნავა ამბობს, რომ დღეს ბოლოჯერ გააქირავეს ბულვარში კვადროციკლები. ხვალიდან ისინი მუშაობას აღარ აპირებენ, მაგრამ არც ბულვარის დატოვებას გეგმავენ.

„მივიღეთ დაპირება, რომ შეგვხვდებოდა მთავრობის თავმჯდომარე. ამ დრომდე ველით დაპირების შესრულებას. ჩვენ ისევ ვამბობთ, რომ შემცირდება რაოდენობა, სიჩქარეების რაოდენობა დარეგულირდება… ეს ერთი ზაფხული უნდა გვამუშაონ, სესხები გვაქვს. უცებ აკრძალვა არ სჭირდებოდა ამას… აღდგომის დღეს შეწყდა შიმშილობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას დაგვპირდნენ,“ – ამბობს ბექა გუგუნავა.

ელექტრომობილების მფლობელები ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 25 აპრილიდან შიმშილობდნენ.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემენ, ელექტრომობილების რაოდენობას 300-მდე შეამცირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: