ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

28.04.2019 • 2004
სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია.

პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია.

აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი, მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის ვადაში დაამუშაოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაცია და მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დაასრულოს მშენებლობა და გაუშვას ექსპლუატაციაში და ამოქმედება, არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.

მთლიანობაში, მომავალმა მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ ნაკვეთის გაყიდვაზე გამოცხადებული პირველი ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო.

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნარში, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიებზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: