მთავარი,სიახლეები

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

27.04.2019 • 3552
„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან „ბათუმობის“ დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე დამონტაჟებულია. ახლაც [19:23] ადგილზე იმყოფებიან ტექნიკოსები, რომლებიც ინსტრუმენტების გამართულობას ამოწმებენ. მთავარ სცენასთანაა მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობს. ბათუმობა ხვალ, 28 აპრილს გაიმართება.

ბულვარში მთავარი სივრცის მიმდებარედ კიდევ ორი მცირე ზომის სცენაა დამონტაჟებული. საზაფხულო თეატრის წინ კი მზადაა სივრცე გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად. აქ გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა-გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება და 02:00 საათზე დასრულდება.

ადგილზე მზადების პროცესს აკვირდება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან უკვე გამოფენილია ბათუმის მეგობარი ქალაქების მთავარი შენობების რამდენიმე მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. მერიის ინფორმაციით, აქვე – 12:00 საათიდან ბათუმის „ჯაზ ბიგ ბენდის“ კონცერტი დაიწყება. მერია „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ელოდება სტუმრებს ათი ქვეყნის 14 ქალაქიდან.

14:00 საათზე წიგნების კუთხესთან ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტებს დააჯილდოებენ.  მერიის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური შედეგების მიხედვით 50 სტუდენტი დაფინანსდა. წარმატებულ სტუდენტებს შორის 45 ბაკალავრი და 5 მაგისტრანტია. აქვე 17:00 საათზე გაიმართება შეხვედრა დათო ტურაშვილთან და რატი ამაღლობელთან.

უკვე მომზადებულია საბავშვო კუთხეც.

სპორტული  ღონისძიებები 14:30 საათზე დაიწყება ჩოგბურთის კორტების წინ. იქნება შეჯიბრებები მკლავჭიდში ვაჟებსა და გოგონებს შორის, ქუჩის კალათბურთი, მძლეოსნური გარბენი, ეზოს   ფეხბურთი,  ქვიშის ფრენბურთი, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი [ვაჟები და გოგონები], ბილიარდი  და მაგიდის  ჩოგბურთი, ვეტერანთა  თამაშები [შაში და ჭადრაკი]. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ტიტულოვან სპორტსმენებთან.

საზაფხულო თეატრის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გამოვლენ: „Asea Sool“, „Melomaniakk“, „Cherry Band“, „Four Seasons“, „Two x Two“, „Black Sea“, „ირაკლი ფაღავა“, „Free space“, ბენდი – „კონიაკი“, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე, იაგო დევაძე, „The Young Georgian Lolitaz“.

15:00 საათზე საპატიო ბათუმელებს დააჯილდოებენ, შემდეგ კი ფილმების ჩვენება დაიწყება. 19:00 საათზე საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე მიუზიკლი „Welcome To Georgia“ დაიდგმება. მუსიკალურ სპექტაკლში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ელემენტები, ტრადიციები და ადათ-წესები. მიუზიკლი საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს. სპექტაკლში თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. Welcome To Georgia-ს რეჟისორი და ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილია.

დღესასწაულს გალა კონცერტი დაასრულებს, რომელიც 21:00 საათიდან დაიწყება. გალა კონცერტზე მერის მოადგილე კულტურის მიმართულებით, სოფო ხალვაშიც იმღერებს.

 

გალა კონცერტში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: