მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

29.04.2019 • 5019
მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

ავტორი: მარიამ დუმბაძე

62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა:

„ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. ჩემს დასაც იგივე ამბავი ჰქონდა და როცა მას უარი უთხრეს, ძალიან უბედური დარჩა. ამის მერე იფიქრეს ჩემებმა, შევეცოდე და ბოლოს დამთანხმდნენ“.

გულნარას ვკითხეთ, ანალოგიური წინააღმდეგობა თუ იყო მისი ქმრის ოჯახისგან. „არა, გაგიჟდნენ სიხარულით აჭარელი რძალი რომ შეუვიდათ იმერლებს ოჯახში“, – გვითხრა მან ნახევრად ხუმრობით.

გულნარა ზოიძე

გულნარა ზოიძეს მეუღლე, სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს. მეუღლე, შვილები და რძლები მართლმადიდებლები არიან. ოჯახში მხოლოდ გულნარაა მუსლიმი. როგორც ის ამბობს, შვილიშვილებიდან მხოლოდ ყველაზე პატარა, ზუკა მაჭარაშვილია ქრისტიანულად მონათლული. გულნარას თქმით, მისი სხვა შვილიშვილები თავად გადაწყვეტენ, რომელი რელიგია აირჩიონ.

მაჭარაშვილების ოჯახის დიასახლისის თქმით, მათთან ოჯახური იდილია არ ირღვევა იმის გამო, რომ ოჯახის წევრებმა სხვადასხვა სარწმუნოება აირჩიეს. მეუღლეები ერთმანეთის სარწმუნოებას პატივს სცემენ და ორივე რელიგიის დღესასწაულებს აღნიშნავენ.

„ყურბან-ბაირამზე მემსახურება ჩემი ქმარ-შვილი. წავალთ, დავკლავთ ყურბანს, ვემსახურებით ბაირამს. ბაირამზე ასევე ვამზადებთ ჰალვას, გარდაცვლილების სულების მოსახსენებლად. როგორც პასკას მივართმევთ სტუმრებს და ახლობლებს, ასევე ჰალვასაც ვარიგებთ ახლო ნათესავებში, მეზობლებს ვეპატიჟებით ამა თუ იმ დღესასწაულის აღსანიშნავად,“ – ამბობს გულნარა ზოიძე.

ის გვიყვება, რომ წლების განმავლობაში თავადაც იცავდა მარხვას – „რამადანს“, მაგრამ ბოლო ორი წელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამას უკვე ვეღარ ახერხებს.

„წნევები მაწუხებს და მარხვის დაცვა ძალიან რთული აღმოჩნდა ამ მომენტში ჩემთვის. ჯამეში ვერ დავდივარ, მაგრამ მიყვარს კითხვაო [ლოცვების]“ – ამბობს.

ახლა გულნარას ოჯახი აღდგომისთვის ემზადება, კვერცხს შეღებავენ, სადღესასწაულო სადილს მოამზადებენ, კვირას კი მიიღებენ მოლოცვებს ახლო ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლებისგან – როგორც ქრისტიანებისგან, ისე მუსლიმებისგან.

გულნარა ზოიძე ოჯახის წევრებთან ერთად

გულნარა ამბობს, რომ მისი შვილები: ინგა, ირაკლი და ილო, 5-6 წლის წინ მოინათლნენ ქრისტიანულად. ახლა უფროსი შვილი 42 წლისაა, უმცროსი კი – 30-ის.

აჭარაში ქრისტიანული და მუსლიმური დღესასწაულები არაერთ ოჯახში აღინიშნება. ზოგიერთ სოფელში ეკლესიასაც ნახავთ და მეჩეთსაც. სწორედ ასეთი სოფელია ციხისძირი. ამ სოფელშიც შეხვდებით ოჯახებს, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ.

ლევან მახარაძე და მისი მეუღლე, ნათია ხაბაზი მართლმადიდებლები არიან. ნათია ამბობს, რომ 12 წლის წინ გაქრისტიანდა, მისი მშობლები – დედა, მამა და ბებია კი მუსლიმები არიან.

ნათია ხაბაზი შვილთან ერთად

ოჯახში ორივე რელიგიის დღესასწაულებს აღნიშნავენ.

ნათიას ბებია, გულიკო ბოლქვაძე გვიყვება, რომ ოთხი შვილი ჰყავს, ორი მათგანი მუსლიმია, ორი – ქრისტიანი. შვილები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა ეს ხელს არ უშლით, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე შეიკრიბონ და ერთად იზეიმონ.

„ჩვენს ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ვცხოვრობთ. პატივს ვცემთ ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას და მათ სურვილებს, ასევე თითოეულ სარწმუნოებას – აღვნიშნავთ ბაირამს და აღდგომას. უფალი არ გვიწყენს“, – ასე ამბობს გულიკო.

გულიკო ბოლქვაძე ოჯახთან ერთად

გულიკოს ერთ-ერთი რძალი, მაია ვერულიძე გვიყვება, რომ მისი სამივე შვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა. „შვილების მონათვლა არ ყოფილა ახირება. როდესაც ეს გადაწყვიტეს, ნებართვა ჯერ ჩვენგან აიღეს. მათი ნათლობა ახლო ნათესავებისა და მეზობლების დაპატიჟებით აღვნიშნეთ. მას შემდეგ ორივე სარწმუნეობას შესაძლებლობის მიხედვით ვემსახურებით“, – ამბობს მაია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: