მძღოლების დაჯარიმებით ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონი შევიდა 


ჯარიმებისა და საურავებისგან მობილიზებული თანხიდან გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში  4 მილიონ 486 200 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 95,5%-ია. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 3 მილიონ 023 400 ლარი საგზაო მოძრაობის წესებისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა შეადგინა. ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა.

გარდა ამისა, ამ ანგარიშში მითითებული ინფორმაციით, გასულ წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში დაჯარიმებულებმა ბიუჯეტში ნახევარმილიონზე მეტი – 521 700 ლარი გადაიხადეს.

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულების მიერ გადახდილმა თანხამ ბიუჯეტში 29 800 ლარი შეადგინა. საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 2 400 ლარი გადაუხდიათ.

საზოგადოებრივი წესრიგის  დარღვევების  გამო დაკისრებული ჯარიმებიდან კი, ბიუჯეტში  64 200 ლარი აისახა. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ბიუჯეტის შემოსულობები 93 000 ლარით გაიზარდა.

ქალაქის შემოსავალმა სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმებიდან  351 200 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჯარიმებისგან – 55 700 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით გასული წლის ბიუჯეტში 345 700 ლარი შეიტანეს.

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით გადახდილმა თანხებმა ბიუჯეტის შემოსულობები მილიონ 934 500 ლარით გაზარდა.

ეს აერთიანებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს, რამაც ბიუჯეტში 460 800  ლარი შეადგინა.

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვიდან მიღებული საფასურს  სახით, ჯამში, ბიუჯეტში 142 600 ლარი აისახა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში დაკისრებული სანქციებისთვის გადახდილი თანხების ოდენობამ – 191 400 ლარი შეადგინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი