მთავარი,სიახლეები

ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო

25.04.2019 • 1591
ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო

ახალი დირექტორის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. ბორდმა წარდგენილი კანდიდატებიდან ტელევიზიის ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების გზით უნდა შეარჩიოს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელიც „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირია“. მრჩეველთა საბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რასაც ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

„მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება,“ – აღნიშნულია მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: