მთავარი,სიახლეები

ვინ იყო სკოლაში „დიდ ხუთშაბათს“ – პრობლემა, რომელიც არავის აწუხებს

25.04.2019 • 3149
ვინ იყო სკოლაში „დიდ ხუთშაბათს“ – პრობლემა, რომელიც არავის აწუხებს

„ქრისტიანული სახელმწიფო ხომ ვართ, ამიტომ არ მოვიდნენ,“ – ეს ფრაზა ბათუმის საჯარო სკოლაშიც მოვისმინეთ და უნივერსიტეტშიც, როცა დავინტერესდით, რატომ დაცარიელდა სასწავლო დაწესებულებები ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა „დიდი ხუთშაბათი“ უქმე დღე არ არის, მოსწავლეების ნაწილი დღეს, 25 აპრილს სკოლაში არ მისულა.

მოსწავლეების გამოუცხადებლობას არავინ გაუბრაზებია – მშობლები, მასწავლებლები, დირექტორი. „კარგი იქნება, თუკი სხვა აღმსარებლობის დღესასწაულზეც დასვენება იქნება“, – ეს იმ მოსწავლეებმა გვითხრეს, რომლებიც გაკვეთილებზე დაგვხვდნენ.

„33 უნდა იყოს. 16 გვაკლია,“ – ეს სურათი ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასში დაგვხვდა. მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი თანაკლასელები რელიგიური დღესასწაულის გამო არ მივიდნენ სკოლაში.

„ყველა დღესასწაული უნდა იყოს უქმე დღე,“ – აღნიშნავს ერთი გოგო. მას სხვებიც ეთანხმებიან. მოსწავლეების ვეკითხები, როდის მოასწრებენ სწავლას, თუკი ყველა რელიგიური დღესასწაულზე დაისვენებენ. ამაზე არ გვიფიქრიაო, დასძენენ ისინი.

მოსწავლეები აკლიათ სხვა კლასებშიც. მაგალითად, მეთერთმეტე კლასს 10 მოსწავლე აკლია. ერთ-ერთი ბიჭი გვეუბნება, რომ პოზიციის დაფიქსირება სურს. „მე ყველას რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ ვინმეს თუ გამოსაძინებლად უნდა, არაა სწორი, არ ვეთანხმები“, – ამბობს ის. თანაკლასელები აჩერებენ და ეუბნებიან, რომ თანაკლასელი სტიქაროსანია, ღამე ლოცვაში გაათია და „ასე საუბარი არ შეიძლება“.

ამ კლასშიც აქტუალურია „უმრავლესობის რელიგია“ – მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებზე დასვენება უნდა იყოს, რადგან უმრავლესობა ქრისტიანია. მოსწავლეებს ასევე ვკითხეთ, რა იცოდნენ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის, ანუ სეკულარიზმის პრინციპის და კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის შესახებ. „ვიცით, მაგრამ უმრავლესობა წყვეტს. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ბევრი უქმე დღეების“, – მარტივი გამოსავალი არჩიეს მოსწავლეებმა.

დიალოგში მასწავლებელიც ჩაერთო: „ზოგი ეკლესიაშია წასული, ზოგი – ახლა მიდის. ზოგი მარხულობდა და ბოლო კვირა, მოგეხსენებათ, მძიმე მარხვაა. რა მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი?“- კითხულობს მათემატიკის მასწავლებელი, ირინა ხუნწალია.

„მშობლის ინიციატივას ჩვენც ვიზიარებთ და ვცდილობთ, რომ იგი დავაკმაყოფილოთ,“ – მიიჩნევს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო მგელაძე. დირექტორმა განმარტა, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც კარგად იციან იმ რეგულაციების შესახებ, რაც გაკვეთილის გაცდენას უკავშირდება. დირექტორი პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებს. სკოლის პასუხისმგებლობას ნატო მგელაძე ხედავს იმაში, რომ არსად რელიგიური სიმბოლიკა გამოფენილი არ არის და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების აღმსარებლობით საერთოდ არ ინტერესდება.

„არდადეგების წინა დღეს მოდის ბევრი მშობელი და ამბობს, რომ გავდივართ ქალაქიდან. თუ ბავშვს სწრებადობა კარგი აქვს და არც ნიშანი აქვს გამოსასწორებელი, უარს არ ვეუბნებით… ჩემთვის მთავარია, იმ მოსწავლეს, რომელიც სკოლაში მოდის, დახვდეს გაკვეთილი და სკოლა ფუნქციონირებდეს. შესაძლოა, დღეს ვინც არ მოვიდა, ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდეს მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ ვუღრმავდებით. მთავარია, ვიცოდეთ, სად არის მოსწავლე, თუკი იგი სკოლაში არ მოვიდა,“ – გვითხრა ნატო მგელაძემ.

„სწრებადობის კუთხით პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადეს ბათუმის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლებში, თუმცა როცა კონკრეტულ საკლასო ოთახებში შევიხედეთ, ცარიელი მაგიდები იქაც უხვად დაგვხვდა და მოსწავლეებმაც დაგვიდასტურეს, რომ „დიდ ხუთშაბათს“ მათი ბევრი თანაკლასელი სკოლაში არ მივიდა.

„12 არ მოსულა ჩვენთან… სხვა დღეებში მაქსიმუმ 5 შეიძლება აცდენდეს. არავის უნდა ექსტერნების ჩაბარება და ამიტომ არ ვაცდენთ,“ – ეს მეორე სკოლის მე-11 კლასში გვითხრეს.

მარიზა აბაშიძე, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლაში უკვე „საარდადეგებო განწყობაა“, თუმცა მოსწავლეების ძირითადი ნაწილი გაკვეთილებს დღეს დაესწრო. მისი თქმით, სწრებადობის პრობლემა „დიდ ხუთშაბათს“ მას შემდეგ გამოსწორდა, როცა მარტში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო და მოსწავლეები დასვენებული ხვდებიან სააღდგომო დღეებს.

თითქმის ანალოგიური სურათი დაგვხვდა მე-4 სკოლაშიც. ორივე სკოლის დირექტორმა იცის, რომ „დიდი ხუთშაბათს“ ეკლესიებში წირვა 4 საათზე იწყება. დირექტორები განმარტავენ, რომ დღის მეორე ნახევარში ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიან სკოლაში. „ისინი ხანგრძლივ წირვას მაინც არ ესწრებიან,“ – გვიზუსტებენ დირექტორები.

„ასეც რომ არ იყოს, სასწავლო პროცესს მაინც ვერ ჩავშლიდი. მე არ მაქვს დასწრების პრობლემა,“ – აღნიშნავს მე-4 სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე.

„დიდი ხუთშაბათი“ უქმე დღედ აქვს გამოცხადებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის მიუხედავად, აქ რამდენიმე სტუდენტი მაინც დაგვხვდა.

„ჩვენმა სპეციალობამ დაგვიანებით გაიარა ავტორიზაცია. ამიტომ ერთი ლექცია დღეს ჩაგვიტარდა. ლექტორმა გვითხრა, კურთხევა ავიღე მოძღვრისგანო… არაა ცუდი „დიდ ხუთშაბათს“ მუშაობა, არა უშავსო…“ – გვითხრეს სტუდენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტს უკვე ტოვებდნენ.

„ქრისტიანული სახელმწიფო ხომ ვართ, ამიტომ ვისვენებთ…“ – თქვა ერთ-ერთმა. მას კურსელებმა შეახსენეს, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია არ არის და ყველა რელიგია თანასწორია.

„ყველა უქმე დღე ქრისტიანულია და რა ვიცი,“ – დასძინა მან.

უნივერსიტეტის პრესცენტრის განმარტებით, „დიდი ხუთშაბათი“ დასვენების დღედ 2011 წელს მიიჩნია წარმომადგენლობითმა საბჭომ. უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საბჭომ.

უნივერსიტეტის პრაქტიკა ბათუმის საზღვაო აკადემიასაც გაუზიარებია. დღეს აქაც დაისვენეს.

„ძირითადად რაიონებიდან არიან სტუდენტები. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ ქალაქიდან… ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ადრე მახსოვს, ეს დღე უქმედ იყო გამოცხადებული და ეტყობა, მოეწონათ,“ – გვითხრა მამუკა ბარამიძემ, საზღვაო აკადემიის აპარატს უფროსმა.

 

 

პირველი საჯარო სკოლის დერეფანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: