მერია კონკრეტული პირის თხოვნით სტადიონთან 8 659 კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის  



ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას, 8659 კვადრატულ მეტრს. მერიას ქონება აუქციონზე კონკრეტული დაინტერესებული პირის თხოვნით გააქვს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. უკვე განსაზღვრული პირობების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს პირი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მერიის ინფორმაციით, ქონება დაქირავებულმა აუდიტმა  6 მილიონ 500 0000 ლარად შეაფასა. ნაკვეთი ერთ მხარეს ესაზღვრება გმირთა ხეივანს, ფეხბურთის მშენებარე სტადიონსა და კარფურს. ამ თვალსაზრისით მისი მდებარეობა ტურისტული ბიზნესისთვის სტრატეგიულია.

ნაკვეთის მდებარეობა კიდევ ერთი მხრივაა მომხიბვლელი, მას ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 32 314 კვადრატული მეტრი ტერიტორია ესაზღვრება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ახალმა მესაკუთრემ ერთიანი კონცეფციის შეთავაზების შემთხვევაში, ეს ნაკვეთი ხელსაყრელი პირობით მიიღოს.

მერიის ქონების მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, გასაყიდი ნაკვეთი შარტავას ქუჩაზე სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მათი გასხვისება ერთ ლოტად იგეგმება.

აუქციონის პირობა ამ ადგილზე არანაკლებ 300-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იქნება, სპორტული კომპლექსითა და სპა ცენტრით. ვალდებულებებში იქნება ასევე ღია და დახურული აუზის, კვების ობიექტებისა და კინოთეატრის მოწყობა. მყიდველმა არანაკლებ ასი ავტომანქანის პარკინგი უნდა მოაწყოს.

ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმაზე თანხმობის თხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. დღეს, 25 აპრილს საკრებულო მერიის ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი