როგორ აპირებენ ტყვიით დაბინძურების წყაროების პოვნას საქართველოში



სისხლში ტყვიის შემცველობაზე აჭარაში კვლევა ჩაუტარდა 164 ბავშვს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  კვლევაში მონაწილე ბავშვების 85 პროცენტს, ანუ 139 ბავშვს სისხლში დადგენილ ნორმაზე მეტი (5 მკგ/დლ. მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა, ხოლო 50 პროცენტს 10 მკგ/დლ-ი.  როგორც „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდში ეუბნებიან, გამოკვლეული ბავშვებიდან, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ შემუშავებულია მთავრობის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაიწყება ტყვიით დაბინძურების კერების გამოკვლევა, შემდეგ კი ამ კერების აღმოფხვრა.

„ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა დ ჩვენ მათ გამოცდილებას მივყვებით. შევისწავლით იმ გარემოს, სადაც კვლევაში მონაწილე ბავშვები ცხოვრობენ. შემოწმდება საცხოვრებელი გარემო, – წყალი, ნიადაგი, კვების პროდუქტები, სათამაშოები და ა.შ. ამ ბავშვებს კი უფასოდ მიეწოდებათ კალციუმის და რკინის შემცველი პრეპარატები“, – გვეუბნება ნინო ნიჟარაძე.

გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს ყველა შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლევების ჩატარებას. „იქნება ეს გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სხვა შესაბამისი უწყება, ყველამ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა წარმოადგინოს ღონისძიებების ნუსხა, თუ რას გააკეთებს ტყვიით დაბინძურების კერების გამოსავლენად.

ფაქტობრივად, იქნება მუდმივი მონიტორინგი ჰაერში, ნიადაგში, საკვებში, წყალში თუ საზღვარზე, რომ მოხდეს დაბინძურების კერის გამოვლენა“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო კი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ათი ათასი ბავშვის სკრინინგი ტყვიაზე. დადასტურების შემთხვევაში ბავშვებს უფასოდ მიეწოდებათ რკინისა და კალციუმის შემცველი მედიკამენტები, დაიწყება ამ ბავშვების ოჯახების საცხოვრებელი გარემოს გამოკვლევა.

„კვლევაში, სავარაუდოდ, უფრო მეტი ბავშვი მოხვდება აჭარიდან და გურიიდან, რადგან  სწორედ ამ რეგიონებში გამოავლინა კვლევამ ტყვიის მაღალი შემცველობა სისხლში. გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და მათ მიეწოდებათ შესაბამისი ინდიკატორები, რომლითაც უნდა შეფასდეს საეჭვო მდგომარეობა და აუცილებლობა ტყვიაზე კვლევის ჩასატარებლად“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თვე და რიცხვი  ჯერჯერობით უცნობია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიძლება იყოს სავარაუდო წყარო ტყვიით დაბინძურების შემთხვევაში აჭარაში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ერთი წყაროს დასახელება რთულია. „არის მრავალი ჰიპოთეზა, ერთ-ერთია ძველი სამხედრო ბაზა, ასევე იმ საწვავის გამოყენება, რომელიც 2006 წლიდან აკრძალულია“.

მისი თქმით, ტყვია ფართოდ არის გავრცელებული მრეწველობაში, მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საღებავებსა და სამშენებლო მასალებში.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) მსოფლიოს მასშტაბით მრავალინდიკატორული კვლევა გასულ წელს დაიწყო, რომელიც სწავლობს ბავშვთა მდგომარეობას ყველა მიმართულებით, – განათლება, კვება, განვითარება, ჯანმრთელობა და ა.შ. ტყვიაზე კვლევის კომპონენტი კი დაემატა მხოლოდ საქართველოში, რადგან ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა პრობლემა.

რა გამოავლინა კვლევამ სხვა კომპონენტებში, ამის შესახებ კვლების შედეგებს „იუნისეფი“  უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com