მთავარი,სიახლეები

აკრძალული პარკებისთვის ბათუმში მაისამდე არ დააჯარიმებენ – რა იქნება მაისიდან?

25.04.2019 • 3166
აკრძალული პარკებისთვის ბათუმში მაისამდე არ დააჯარიმებენ – რა იქნება მაისიდან?

საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია. თუმცა, ის რეალიზაციაში მაინც რჩება. მთავრობის დადგენილება აკრძალვაზე არ სრულდება, კანონის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი კი არავინაა. ცელოფნის პარკების შეთავაზება-რეალიზაცია აკრძალულია, როგორც სურსათის, ასევე ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ნაგვის პარკებს, ასევე შესაფუთ მასალას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავაჭრო ქსელში [ბაზრობები, მარკეტები და სხვ.] კონტროლზე პასუხისმგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტია.

ბათუმის მერიაში რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ სავაჭრო ობიექტები გააფრთხილეს და აკრძალული პარკების რეალიზაციის შემთხვევაში მათ დაჯარიმებას 8 აპრილიდან დაიწყებდნენ. მიუხედავად ამისა, აკრძალული პარკები ქსელში რჩება, დაჯარიმებით კი მერიას არავინ დაუჯარიმებია.

„სავაჭრო ობიექტებს არ აქვთ ალტერნატივა, რომ ჩაანაცვლონ ცელოფნის პარკები. ბიოდეგრადირებადი პარკების საკმარისი რაოდენობა ბაზარზე, რათა ის მარკეტებმა შეიძინონ, არ არის. თუ დავაჯარიმებთ და ჩამოვართმევთ პარკებს, მომხმარებლების შესაბამის მომსახურებას მარკეტები ვერ შეძლებენ, ანუ ვერ იმუშავებენ. პირველი მაისიდან ველოდებით მდგომარეობის გამოსწორებას, რომ ბაზარზე შემოვა ბიოდეგრადირებადი პარკების საკმარისი რაოდენობა და, შესაბამისად, მოვთხოვთ პასუხს მარკეტებს, რათა შესრულდეს კანონი,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გადაჭრით ვერ გვითხრეს, დააჯარიმებენ თუ არა იმ ობიექტის მეპატრონეებს, სადაც აკრძალული პარკები იქნება რეალიზაციაში. 

ბათუმში ამ სააგენტოს გარდა აკრძალული პარკების კონტროლი სხვა სამსახურებსაც ევალებათ.

მთავრობამ ცელოფნის პარკების წარმოება და რეალიზაცია ისე აკრძალა, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლისთვის საჭირო ლაბორატორია, რომელიც დაადგენდა პარკის შემადგენლობა აკმაყოფილებს თუ არა დაშვებულ სტანდარტს – არ აქვს.

ლაბორატორიის არარსებობა კანონის აღსრულების კუთხით პრობლემას ერთ შემთხვევაში შექმნის – ვერ მოხერხდება ადგილზე ასეთი პარკების შემოწმება და იმის დადგენა, ნამდვილად არის ბიოდეგრადირებადი [რომლებსაც აქვთ შესაბამისი წარწერა], თუ ის შეიცავს აკრძალულ პოლიეთილენსაც.

„ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ ყველა ელოდება პარლამენტში აღნიშნული საკითხის განხილვას, თუმცა კონკრეტულად როდის, უცნობია. „ეს ალბათ აღდგომის დღესასწაულების შემდეგ იქნება“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა.

ის, რომ პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამაც განაცხადა.

„ცვლილებები მთავრობის დადგენილებით იქნა მიღებული; შესაბამისად, პარლამენტი თავის დროზე პროცესში არ იყო ჩართული. არ გვქონდა აქამდე მწარმოებლებთან შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ მათთვის მიცემული დრო გადაიარაღებისთვის საკმარისი არ იყო. ჩვენ მოვუსმინეთ მწარმოებლებს და ასევე გვექნება შეხვედრები როგორც – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, იქნება ეს მთავრობის მისამართით, თუ იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ჩვენი მხრიდან არანაირი გადავადება არ მომხდარა, ჩვენ გვევალება უშუალოდ მწარმოებლების შემოწმება, რომ პოლიეთილენის პარკები არ გამოუშვან. შესაბამისი ლაბორატორიაც წლის ბოლომდე აუცილებლად ამოქმედდება. ამასთან, საბაჟოზე საკმაოდ მაღალ დონეზე აკონტროლებენ და პოლიეთილენი არ შემოდის“, – გვითხრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

პოლიეთილენის პარკების საქართველოში წარმოება აიკრძალა, თუმცა პარკების იმპორტი არ გაზრდილა. „ბათუმელებმა“ შესაბამისი ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა. საქსტატში გვითხრეს, რომ ცალკე ცელოფნის ან ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყოფა არ ხდება და მთლიანობაში აღირიცხება, როგორც „ეთილენის პოლიმერებისაგან დამზადებული საქონლის ტრანსპორტირებისა ან შეფუთვისათვის საჭირო ტომრები და ჩანთები [სეს სნ-ის 392321 კოდი].

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში შემოტანილი იყო 546,4 ტონა ეთილენის პოლიმერებისაგან დამზადებული საქონლის ტრანსპორტირებისა ან შეფუთვისათვის საჭირო ტომრები და ჩანთები, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტში –  542,5 ტონა. 2019 წლის აპრილის თვის მონაცემები კი საქსტატში ჯერ არ აქვთ.

ცელოფნის პარკების წარმოება-რეალიზაციის შესახებ მთავრობის დადგენილება 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.
——–

საქართველოში აკრძალულია არა მარტო ცელოფნის პარკების რეალიზაცია, არამედ ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც.

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, უმუშევარი დარჩა ასობით ადამიანი, რომლებიც საწარმოებსა თუ დისტრიბუციაში იყვნენ დასაქმებულები.

მეწარმეები ამბობდნენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა. მათივე თქმით, სამინისტროდან იყო დაპირება, რომ პოლიეთილენის [პლასტიკის] პარკების წარმოება აპრილიდან სრულად არ აიკრძალებოდა და მათ დროს სექტემბრამდე მისცემდნენ გადაიარაღებისთვის.

ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის მიხედვით:

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა – „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის  უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

კონტროლს ახორციელებენ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: