მთავარი,სიახლეები

 საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს

23.04.2019 • 2245
 საკრებულო „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას ახალი გრგ-ს დამტკიცებაზე ორ დღეში იმსჯელებს

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, ახალი მშენებლობის მიზნით, „ალიანს სიტიმ“ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] მოამზადა. საკითხი საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგშია ჩასმული და მას ორ დღეში, 25 აპრილს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა ამ ადგილზე შედარებით დაბალი პროექტი მიიჩნია სასურველად და ამის შესახებ ხმამაღლაც თქვეს, სავარაუდოდ, „ოცნების“ უმრავლესობა მის დამტკიცებას შეძლებს.

განკარგულების პროექტს, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ერთვის წარდგენილი გრგ-ის საჯარო განხილვის სხდომის ოქმი. აქ მოცემული ინფორმაციით, სხდომაზე დამსწრე მოქალაქეების უმეტესობას პროექტის მიმართ კრიტიკული აზრი ჰქონდა: საკრებულოს წევრებმა ნერიმან ცინცაძემ და ნატალია ძიძიგურმა თქვეს, რომ მათთვის სასურველია ამ ადგილზე გაცილებით დაბალი მშენებლობა დაიგეგმოს, ვიდრე წარდგენილი პროექტია. საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნატალია ზოიძის აზრით კი, ახალი სამშენებლო პროექტი არ ჩაკეტავს სივრცეს. იყვნენ პროექტის მომხრეებიც, მათ შორის ისეთები, რომლებმაც თქვეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გაჩერებული პროექტის ხილვა ამ ადგილზე აღარ სურთ: „ჩვენ განვითარება გვირჩევნია“.

შეხვედრაზე მოსაზრებები სხვა მოქალაქეებმაც გამოთქვეს, თუმცა რამდენიმე მოქალაქის გამოსვლა ოქმში საერთოდ არ არის დაფიქსირებული. ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, იურისტ ირაკლი ჯიჯავაძის გამოსვლა, ის პროექტის ირგვლივ მეტ ინფორმაციას ითხოვდა.

ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დოკუმენტის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ზონის სტატუსის ცვლილებას. ტერიტორიას საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს, კომპანიას კი ამ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

„ლუჟკოვის სახლი“ და მიმდებარე ტერიტორია ბათუმში / ფოტო გრგ-დან

გარდა ამისა, კომპანია K2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვს [ამის საფუძველზე საპროექტო ფართობი განისაზღვრება 282 225 კვ.მ.-ით] და დაახლოებით 45-სართულიანი სამი თაუერის მშენებლობას გეგმავს.  მერიაში რენდერიც წარადგინეს, თუმცა კომპანიის დირექტორის, აკაკი სონგულიას თქმით, ეს არ არის ის ვიზუალი, რის აშენებასაც კომპანია აპირებს.

„ალიანს სიტი“ მხოლოდ K3 კოეფიციენტის გაზრდას არ ითხოვს და მას არსებული სახით ინარჩუნებს. ეს კოეფიციენტი გამწვანებას გულისხმობს.

„ალიანსი“ რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ კიდევ ერთ ცათამბჯენს აშენებს.

 

კომპანია ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასრულებას 2023 წელს გეგმავს. პროექტი მიწისქვეშა სივრცეში 450 ავტომანქანის ადგილს ითვალისწინებს.

„ლუჟკოვის სახლი“ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა. დღემდე ამ უზარმაზარ შენობას არც ერთი მობინადრე არ ჰყოლია.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა კომპანიებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ლუჟკოვის სახლი“ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ყოფილმა მესაკუთრემ, „ბათუმი სიტიმ“ 29 მილიონ 500 ათას აშშ დოლარად მიჰყიდა „ალიანს სიტის“.

ქონების მესაკუთრე დღეს „ბათუმი სიტია“, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

გამწვანების ფართობის შემცირება და კ2-ის გაზრდა – კომპანიის გეგმები „ლუჟკოვის სახლის“ ადგილას

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: