მთავარი,სიახლეები

მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

23.04.2019 • 1715
მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 25 აპრილს განიხილავს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს. საბჭომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. დღის წესრიგის თანახმად, ამავე სხდომაზე განხილული იქნება გარე აუდიტის ანგარიშის მიღების საკითხი და სხვა, მიმდინარე საკითხები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, როცა 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ [ხუთიდან ოთხმა წევრმა] ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა.

ამჟამად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს, ნათია კაპანაძის მოადგილე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, როგორც ნათია კაპანაძემ თქვა, მრჩეველთა საბჭო დოკუმენტებს არ გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

______________

მრჩეველთა საბჭოს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საბჭოს ორმა წევრმა მიმართა. მათი განცხადებით, ნათია კაპანაძის მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შეიქმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ასევე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: