მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოში ირაკლი მიქელაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

23.04.2019 • 2658
ბათუმის საკრებულოში ირაკლი მიქელაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ახალი წევრი შედის. ირაკლი მიქელაძეს, რომელსაც საკრებულოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე მოუხსნეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე ჩაანაცვლებს. თემურ კახიძე 2012 -2016 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო კოალიცია  „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“.  კოალიციის სიაში კი „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო კომისიას ხელმძღვანელობდა.

უმაღლეს საბჭოში ორწლიანი მუშაობის შემდეგ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე ოპოზიციაში გადავიდა. მაშინ თქვა, რომ ამის შემდეგ უფრო თამამად ილაპარაკებდა იმაზე, რაზეც, როგორც უმრავლესობის წევრს, არ უსაუბრია. მიუხედავად ამისა, ის „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა.

2016 წლის ივლისში თემურ კახიძემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ბიზნესში წავიდა. მისივე ინფორმაციით, ბიზნესის დასაწყებად მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების გამოყენებას გეგმავდა.

ამავე წლის იანვარში [განცხადებამდე ხუთი თვით ადრე] ყოფილი დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თემურ კახიძე ფლობს 1177 კვ.მ მიწის ფართობს ადლიის პირველ ჩიხის #2-ში. თუმცა არის თუ არა ეს კონკრეტული ტერიტორია მემკვიდრეობით მიღებული, ამაზე დეკლარაციაში არაფერი წერია.

ამავე დეკლარაციით, თემურ კახიძეს 2015 წელს აუღია იპოთეკური სესხი 110 000 ამერიკული დოლარის ოდენობით, შემოსავლის სახით კი 20 520 აშშ დოლარი მიუღია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან. 2015 წელს მან შეიძინა ასევე ბინა, რაშიც [როგორც დეკლარაციაში ჩაწერა] 83 000 ლარი გადაიხადა.

2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში თემურ კახიძის სახელი და გვარი ისევ გაჩნდა, ის მეთერთმეტე ნომრად ჩაწერეს და 25 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მისი, როგორც საკრებულოს წევრის ცნობას უყრიან კენჭს.

თემურ კახიძის ინფორმაციით, ის „ოცნების“ ფრაქციაში გაწევრიანდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: