სტუდენტი, რომელიც ქართული ანბანისგან ახალ სტილს ქმნის



ქართული დამწერლობა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2016 წელს აღიარა. ქართული ანბანისგან სახვითი ხელოვნების ახალ სტილს ქმნის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი. მისი შექმნილი კალიგრამები უკვე საკმაოდ პოპულარულია. ნიკას ნამუშევრები 2015-2016 წლებში გამოფენილი იყო კაიროში და კიოლნის უნივერსიტეტში, გერმანიაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ.

ნიკა ღუნაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სამომავლოდ გრაფიკული დიზაინის შესწავლას აპირებს და ქართული კალიგრამი ახალი და საინტერესო ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება.

ნიკა ღუნაშვილის კალიგრამი ქართულ ანბანზე

კალიგრამით პირველად რვა წლის ასაკში დაინტერესდა. „დედამ რუსთავში სამრევლო სკოლაში მიმიყვანა, სადაც ქართულ კალიგრაფიას ასწავლიან. ქართული კალიგრამები არ არსებობდა აქამდე და აქედან გამიჩნდა იდეა, რომ მემუშავა ამ მიმართულებით. მინდოდა, რაღაც ახალი შემემატებინა ქართული დამწერლობისთვის“, – გვეუბნება ნიკა.

კალიგრამების თემას, როგორც ნიკა გვეუბნება, ყოველდღიურობიდან იღებს – ირგვლივ რაც ხდება იქედან. „მაგალითად, კალიგრამი „მშვიდობა“ აგვისტოს ომის შემდეგ გავაკეთე. „ხანძარი“, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს ვერტმფრენი რომ ჩავარდა ტბაში ის დავხატე. „იარე ნელა“ – გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გავაკეთე“, – გვეუბნება ნიკა.

ნიკა ღუნაშვილს კალიგრამები შექმნილი აქვს ჩურჩხელაზე, ქართულ ცეკვაზე, ანბანზე… „ყველაზე მეტად „ქართული ცეკვა“ მომწონს, ალბათ უფრო დახვეწილია და ამიტომ“, – ამბობს ნიკა.

ნიკას აზრით, ქართულ კალიგრამს მომავალი აქვს გრაფიკულ დიზაინში და სარეკლამო სფეროში.

„განვითარების პერსპექტივა  აქვს მარკეტინგში, ბრენდინგში, აბრებზე, ლოგოებზე ძალიან მოთხოვნადია კალიგრამი. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით დიდი პერსპექტივები აქვს. პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის, რომ ქართულ დამწერლობას ძალიან დიდი ისტორია აქვს  და ვფიქრობ, რომ ისტორია არ უნდა დაიკარგოს. უნდა ვეცადოთ, რომ ის უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ, რაღაც ახალი შევმატოთ, განვავითაროთ და ქართულად ვწეროთ სოციალურ ქსელებშიც, რომ უფრო მეტად გახდეს ცნობილი სხვა კულტურებისა და ქვეყნებისთვისაც“.

ნიკა ღუნაშვილის ნამუშევარი

ნიკამ პირველი კომერციული წინადადება „გუდვილისგან“ მიიღო. „კამპანია ჰქონდათ ასეთი – „როგორია ნამდვილი“. კალიგრამები კეთდებოდა როგორც რძის პროდუქტებზე, ასევე ხილზე, ბოსტნეულზე და საკმაოდ საინტერესო იყო ამაზე მუშაობა“.

ქართულმა დამწერლობამ სამი საფეხური გაიარა. თავდაპირველად იყო ასომთავრული, შემდეგ, ხუცური და მხედრული, რომლისგანაც თანამედროვე ქართული დამწერლობა განვითარდა.

ფეხმძიმე ქალი

ნიკა კალიგრამისთვის ძირითადად თანამედროვე დამწერლობას იყენებს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გასაგები იყოს შინაარსი ყველასთვის, თუმცა იყენებს მხედრულის ელემენტებსაც.

ნამუშევრებს ნიკა ქაღალდზე ქმნის აკრილის საღებავით და ფუნჯებით. ასევე მელნით და კალმისტარითაც ხატავს. ნიკას ამ დროისთვის 30-მდე ნამუშევარი აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ გრაფიკული დიზაინის შესწავლის შემდეგ მისი ნამუშევრები უფრო საინტერესო და დახვეწილი იქნება.

„ქართულ ანბანთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ხატვის დროს იმაზეც ვფიქრობ, როგორ იქმნებოდა ეს ანბანი“. – გვეუბნება ნიკა. მისი თქმით, ქართული კალიგრაფიისა და კალიგრამის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში გაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროს საინტერესო განვითარება ექნება მომავალში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com