აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა



დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ.

დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით, რაც  თანამშრომლებს მოტივაციას უკარგავს, მათ შორის ვარ მეც“, – ამბობს თამილა დოლიძე.

განცხადების ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ დირექტორი ტელევიზიის თანამშრომელს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკს უკრძალავს.

„ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ პიროვნებების განწყობით, აჭარის ტელევიზიას თითქოს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ჰყავს, თუმცა ეს მხოლოდ პოპულიზმის გამოძახილია. სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის, არამედ იმ გუნდის, რომელიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე წაიკითხა თამილა დოლიძემ.

ბრიფინგის მონაწილე ტელევიზიის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მათ პოზიციას მრჩეველთა საბჭო გაითვალისწინებს. აღნიშნულ განცხადებას ტელევიზიის ჟურნალისტებიდან მხოლოდ ერთმა, მარი ბოლქვაძემ მოაწერა ხელი, რომელიც გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანია. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ხელმომწერებს შორის არ არიან.

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი ბორდის ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი რამდენიმე დღის წინ დააყენა. მათი განცხადებით, დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ, ხვალ 19 აპრილს უნდა უყაროს კენჭი.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.

დღემდე არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა ეჭვი, რომ ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩენს ამ მაუწყებლის რისკებს.

დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com