მთავარი,სიახლეები

ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

18.04.2019 • 1722
ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე დაზიანებული გზისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ავტომანქანებიც ზიანდება. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მძღოლი, გოდერძი პაქსაძე დაუკავშირდა, რომელსაც ხიდზე არსებული ორმოს გამო ავტომანქანა დაუზიანდა.

„გუშინ, 17 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის გადავდიოდი მანქანით ბარცხანის ხიდზე, არანაირი მინიშნება არ იყო. ვერ შევამჩნიე, გზა ყოფილა ჩატეხილი და მანქანის საბურავი, ღერძი ისე დაზიანდა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლობლის დახმარებით გადავიყვანე მანქანა. ჩემს შემდეგ, მოკლე დროში, მაგ ადგილზე კიდევ ორი მანქანა დაზიანდა, თუმცა მათ გააგრძელეს სვლა. შემდეგ, არ ვიცი ვინმემ დარეკა თუ შემთხვევით იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოვიდა, ორმოში საბურავები ჩადგეს და ლენტი შემოახვიეს“, – ამბობს გოდერძი პაქსაძე.

ის აპირებს მიმართოს ბათუმის მერიას და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს.

„თუ გზა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია, ამ შემთხვევაში მოქალაქემ ბათუმის მერიას უნდა მიმართოს. დაზარალებულს უფლება აქვს მოთხოვოს მერიას ზარალის ანაზღაურება, გზის შეკეთება და სხვა, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ექსპერტიზის დასკვნა – რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ანუ, ვისი ბრალეულობა იკვეთება“, – გვითხრა საიას იურისტმა მირზა მამულაძემ.

ასეთი „გამაფრთხილებელი ნიშანი“ მოაწყო საპატრულო პოლიციამ ბარცხანის ხიდზე, ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ:

დაზიანებული ბარცხანის ხიდი / ფოტო გოდერძი პაქსაძემ მოგვაწოდა

ბათუმის მერია ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 778 140 ლარი იყო.

„ხიდზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დროებითი აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის [18 აპრილი, 13 სთ.] მიმდინარეობს. სრულ რეაბილიტაციაზე კი ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

ამ თემაზე:

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

„ბათუმის წყლის“ მიერ დატოვებულ თხრილში მანქანები ჩაცვივდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: