მთავარი,სიახლეები

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

18.04.2019 • 2510
103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ორი დღით ადრე მრჩეველთა საბჭოს ფეისბუქგვერდზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების წერილი გამოქვეყნდა, რომელიც მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება.

„ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნულია წერილში.

ამავე წერილში წერია, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში არსებობს „შიშის ფაქტორი“ და „ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია“, – ვკითხულობთ წერილში. აქვე საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

„ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც სრულდება წერილის გასაჯაროვების მოთხოვნითა და იმედით, რომ „მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში.“

წერილი 16 მარტით თარიღდება და როგორც საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ხელს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 103 თანამშრომელი აწერს. მრჩეველთა საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს არ ახლავს უშუალოდ ხელმომწერთა სია, თუმცა „ბათუმელებს“ ეს სია მრჩეველთა საბჭომ მოაწოდა. ხელმოწერათა უმრავლესობა ძირითადად ბუნდოვანია და მკაფიოდ არ იკითხება.

წერილში საუბარია, რომ ტელევიზიის იმიჯი ზიანდება ნათია კაპანაძის მენეჯმენტის პირობებში, თუმცა საპირისპიროს ამბობს კვლევები, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება და საუბარია აჭარის ტელევიზიის საქმიანობაზე დადებით ჭრილში. რატომ არ ენდობიან კვლევებს წერილის ხელმომწერები? – გვინდოდა ეს კითხვა რამდენიმე ხელმომწერისთვის დაგვესვა, მაგალითად, თამილა დოლიძისთვის, რომელიც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. მან გვითხრა, რომ შეკითხვებს ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს, ვიდრე პოზიციები საბოლოოდ არ შეჯერდება სხვა ხელმომწერებთან.

ჩვენ ასევე ვცადეთ საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსთან, იმედა თავდგირიძესთან დაკავშირება, რათა დაგვეზუსტებინა, რა იგულისხმება თანამშრომლების „შიშებსა“ და „დათრგუნვაში“. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

არის თუ არა „სარედაქციო დამოუკიდებლობა ნათია კაპანაძის მონაპოვარი“ და იყო თუ არა აჭარის ტელევიზიაში „სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილი ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან“ – როგორც თანამშრომლების წერილშია მითითებული.

მაგალითად, 2016 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მაუწყებლების ახალი ამბების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ ყველაზე მეტი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაუთმო. მონიტორიგი 31 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ამ დროს „აჭარის ტელევიზიის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით საქმიანობდა და ნათია კაპანაძე დირექტორი არ იყო.

„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ყველაზე მეტი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაეთმო, ყველაზე მაღალი დადებითი გაშუქების მაჩვენებელი ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, დათმობილი დროის 8%. ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი საარჩევნო სუბიექტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დაფიქსირდა, მისთვის დათმობილი დროის 30%. ნეიტრალური გაშუქებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ჰქონდა – 100-100%,“ – წერია ანგარიშში

2016 წელს ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგმა „აჭარის ტელევიზია“ სხვა მაუწყებლებს შორის გამოარჩია, როგორც ტელევიზია, რომელიც „ბიძინა ივანიშვილს ყველაზე პოზიტიურად წარმოაჩენდა.“

„ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია აჭარის ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 45%“, – წერია მედიამონიტორინგის ამ ანგარიშში. 

ამავე ანგარიშში ეთიკის ქარტიამ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ქსენოფობიის და თურქოფობიის ფაქტის ტირაჟირებაც დააფიქსირა. „აჭარის ტელევიზიის ეთერში სამონიტორინგო პერიოდში ქსენოფობიის და თურქოფობიის ფაქტის შეუსაბამო ტირაჟირება დაფიქსირდა. ასევე იყო ბალანსის დარღვევის რამდენიმე შემთხვევაც,“ – აღნიშნულია მედიამონიტორინგის ანგარიშში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ უწყების 103 თანამშრომელი ერთ წერილს აწერს ხელს. ტელევიზიის თანამშრომლები ასე ერთსულოვნად აქამდე ტელევიზიასთან დაკავშირებულ არც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს არ გამოხმაურებიან: მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირინა ყურუას გათავისუფლებას 2014 წელს, როცა აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსს ჯერ აჭარის რადიოში შესთავაზა გადასვლა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლა და არც მაშინ, როცა საინფორმაციო სამსახური ორმა პროდიუსერმა დატოვა აჭარის ტელევიზია. მაშინ მათ განაცხადეს, რომ სამსახურის დატოვების მიზეზი გახდა საეჭვო სარედაქციო გადაწყვეტილებები.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს ტელევიზიის იმიჯის დაზიანებად არ ჩაუთვლიათ არც ის ფაქტი, როცა 2015 წელს აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან მოიხსნა სიუჟეტი, რომელშიც აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის ერთ-ერთ აქტივობას საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული.

19 აპრილსვე გეგმავენ გაფიცვას აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორები, რომლებიც ანაზღაურების მატებას ითხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადებები. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.   

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომლის განცხადებითაც აჭარის ტელევიზია არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება.

დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: