ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  



ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია გაიცემა. ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში ფიზიკურმა პირმა, ბათუმელმა ამირან ჭაღალიძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულმა, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა, 2019 წლის პირველ მაისამდე უნდა გადაიხადოს. ლიცენზია კი, თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 დღის ვადაში გაიცემა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამირან ჭაღალიძემ აუქციონის დასრულებამდე სამი დღით ადრე, 2019 წლის 12 აპრილს, ბათუმში შპს „ქეპითალ გრუპ“ დაარეგისტრირა. ამირან ჭაღალიძე, დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანიის საქმიანობის საგანი სამშენებლო საქმიანობაა. ამასთან, კომპანიას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ლიცენზიანტი ვალდებულია, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დახარჯოს არანაკლებ 2,5 მილიონი ლარი; შესწავლის პერიოდში დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე; ხოლო შესწავლის სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება.

„დეტალური საძიებო სამუშაოები [თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად], საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით [რუკების შედგენა-დაზუსტება], გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით, ამასთანავე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სამთო სამუშაოების დაწყებამდე შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი“, – აღნიშნულია აუქციონის პირობებში.

რესურსის მოპოვება ლიცენზიანტმა უნდა განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით; ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია ობიექტის შესწავლის პერიოდში ეროზირებული უბნების სიახლოვეს არ განახორციელოს ისეთი სახის სამთო სამუშაოების ჩატარება, რომელიც გამოიწვევს ეროზიული პროცესების პროვოცირებას; წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში კი, შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

სალიცენზიო ტერიტორია, სადაც კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების სამუშაოები უნდა ჩატარდეს, მდებარეობს სოფელ ხალასა და სოფელ ზედა დაგვას შორის:

გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ინფორმაციით, სპილენძისა და ოქროს შესაძლო არსებობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფიქსირდა აჭარაში, ძირითადად, სამ ადგილზე. კერძოდ, ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ჭარნალსა [ხელვაჩაური] და ქედაში.

გეოლოგის თქმით, საუბარი ძვირფასი ლითონების მარაგების ოდენობაზე ძნელია, რადგან ტერიტორიები დეტალურად არ არის შესწავლილი.

„ხალაში ადრე ზოგადი კვლევები ჩატარდა, აღებული იქნა სინჯები და იყო ოქროს მონაცემები ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა შესწავლა და მარაგების დათვლა არ მომხდარა. ასეთივე მდგომარეობაა ჭარნალთან მიმართებაშიც. ქედის მერისის კვანძი კი არის კომპლექსური – ოქროც არის, ვერცხლიც, სპილენძიც და სხვა ბევრი მეტალი. მერისის საბადოზე მარაგებიც დათვლილია დეტალურად“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

ამ თემაზე:

მერისის ოქრო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com