ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

16.04.2019 • 3374
€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ.

„სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა და ამჯერად მიმდინარეობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შემდეგ, სამინისტრო გადაწყვეტს, თუ ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება. რაც შეეხება თანხას, ის დაიხარჯება სამინისტროს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში,“ – გვითხრეს სამინისტროში.

სამინისტროდან შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ამ ეტაპზე საჭიროა სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება და სპორტის იმ სახეობების გამოვლენა, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და რეგიონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. უნდა შეირჩეს შესაბამისი ლოკაციები, კვლევის საფუძველზე მომზადდეს მათი განვითარების სამოქმედო გეგმები“.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „2019 წლის 18 მარტს გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აჭარის მთავრობის მხრიდან სპორტული ტურიზმის განვითარების ინიციატივის გაჟღერებას მოჰყვა ინვესტორთა მაღალი დაინტერესება. პოტენციურმა ინვესტორებმა მომართეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვეს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ლოკაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასაბუთება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ინვესტორების საჭიროებებზე რეაგირება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“.

ვინ არიან ეს პოტენციური ინვესტორები და რას ითხოვენ? – სამინისტროს გასაჯაროებული აქვს მხოლოდ სამი კომპანიის წერილი: „გრინ რეზორტის“, „ალიანსისა“  და „გომარდულის“.

შპს „გრინ რეზორტი“, რომელმაც ქობულეთში ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება დააანონსა და „მწვანე ქალაქის“, გოლფის მოედნისა და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის აშენებას გეგმავს, სამინისტროსგან სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეპტუალურ გეგმას უმოკლეს ვადაში ითხოვს.

„მნიშვნელოვანი იქნება, უმოკლეს ვადებში მოგვაწოდოთ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეპტუალური გეგმა, რათა დროულად მოვახდინოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების კონცეფციასთან ადაპტირება და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები,“ – აღნიშნულია „გრინ რეზორტის“ დირექტორის ლევან შერაზადიშვილის წერილში, რომელიც 2019 წლის 10 აპრილითაა დათარიღებული.

სამინისტროს ორი დღით ადრე ასევე წერილით მიმართა შპს „ალიანსის“ დირექტორმა აკაკი სონგულიამ. წერილში აღნიშნულია, რომ კურორტ „გოდერძიზე“ მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს და დაინტერესებული არიან გომარდულითაც.

„საინვესტიციო რისკების მინიმიზაციისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და მათი დაინტერესების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ორ ძირითად ფაქტორს. 1) აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფცია და კურორტ გომარდულის განაშენიანების კომპლექსური გეგმა უნდა შეიცავდეს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ყველა საჭირო ინფორმაციას, სათანადოდ დაზუსტებულს და არგუმენტირებულს. 2) დოკუმენტის მომზადება არ უნდა გაიწელოს დროში და მოწოდებული იყოს უმოკლეს ვადებში,“ – წერს აკაკი სონგულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს.

სს „გომარდულის“ დირექტორი, ჯემალ დარჩიძე კი მინისტრს წერს, რომ მსგავსი კომპლექსური მიდგომისა და კურორტის განვითარების ერთიანი კონცეფციის არარსებობამ შეაფერხა გომარდულის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა…

„ზემოხსენებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია სპორტული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის უმოკლეს ვადაში მომზადება,“ – აღნიშნულია ჯემალ დარჩიძის წერილში.

„გთხოვთ, დაჩქარებულ ვადებში მოგვაწოდოთ სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფციის დოკუმენტი, რათა დროულად მოვახდინოთ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აღნიშნულ კონცეფციასთან ადაპტირება, რითაც თავიდან ავირიდებთ საბიუჯეტო პროგრამების განხორციელების შეფერხებას,“ – წერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისი კოლეგა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი 2019 წლის 8 აპრილით დათარიღებულ წერილში.

ამავე დღეს სამინისტროში ორი წერილი შევიდა შუახევისა და ქობულეთის მერიისგან.

„ამ ეტაპზე გვესაჭიროება კვალიფიციური ექსპერტების შეფასება და რეკომენდაციები ქობულეთში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალთან დაკავშირებით, რათა დავგეგმოთ შესაბამისი საბიუჯეტო ღონისძიებები და პარალელურად მოლაპარაკებები ვაწარმოოთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათი დაინტერესების მიზნით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კონცეფცია, რომელშიც ასახული იქნება ქობულეთის ტერიტორიაზე სპორტული ტურიზმის განვითარების დასაბუთებული ანალიზი და განვითარების დეტალური გეგმა,“ – წერს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

შუახევიდან სამინისტროში გაგზავნილ წერილს კი ხელს მერის პირველი მოადგილე ომარ ტაკიძე აწერს. „გვსურს, უმოკლეს ვადებში ვიხილოთ კურორტის განვითარების კონცეფცია, რათა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდეს აღნიშნულ კონცეფციასთან შესაბამისობაში და შემდეგ ტურისტულ სეზონს კურორტი შეხვდეს გამართული ინფრასტრუქტურით,“ – აღნიშნულია წერილში.

„კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა საყოფაცხოვრებო/კომერციული დანიშნულების ობიექტებს მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს წყლით, კანალიზაციითა და ელექტროენერგიით. წყალსადენზე მხოლოდ ერთი – 60-ტონიანი წყლის რეზერვუარია, რაც არ არის საკმარისი კურორტის შემდგომი განვითარებისთვის. კურორტი არ არის გაზიფიცირებული და არ გააჩნია გარე საკანალიზაციო სისტემა გამწმენდი შამბოებით. გომარდულს არ აქვს საკუთარი ელექტროტრანსფორმატორი, კოტეჯები და სხვა ობიექტები მიერთებულია მერიის საკუთრებაში არსებულ ტრანსფორმატორზე. ასევე მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, გასამართია კურორტზე მისასვლელი გზები, მოსაწყობია მგზავრთა მოსაცდელები, საპიკნიკე ადგილები და ა.შ.“ – წერს ომარ ტაკიძე.

აღნიშნულ წერილებზე დაყრდნობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ „კვლევები უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, ზაფხულის საკურორტო სეზონის დასრულებამდე [30 სექტემბერი]“.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, „რომელთა დროული წარდგენა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს სპორტის, როგორც დარგის განვითარებას. ამასთან, ინიცირებული საგადასახადო და სხვა შეღავათები გახდება სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ინვესტიციების მოზიდვის სტიმულატორი“.

„დაგეგმილი კვლევების გაჭიანურება შეაფერხებს რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის და მთლიანად სპორტული ტურიზმის განვითარებას, რადგან შეამცირებს პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას. სწორედ ხსენებულმა გარემოებებმა გამოიწვია ღონისძიების [შესყიდვის] შეზღუდულ ვადებში ჩატარების აუცილებლობა და შესყიდვის პროცედურების დაჩქარებულ ვადებში განხორციელება,“ – მიმართავს სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს.

სააგენტოში სამინისტროს განცხადების განხილვის თარიღად 2019 წლის 17 აპრილია ჩანიშნული.

საბოლოოდ, 200 ათას ევროდ, რასაც სამინისტრო შერჩეულ კომპანიას გადაუხდის, უნდა მოხდეს:

[checklist]

  • აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება;
  • გომარდულში საწვრთნელი/სპორტული ბაზების განვითარების კონცეფციის და სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობების შეფასება და დამკვეთისათვის რეკომენდაციების მომზადება;
  • სპორტული ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენა, იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ კვლევით განხილული სპორტული/საწვრთნელი ობიექტების მართვა/ოპერირება.

[/checklist]

 

მთავარი ფოტო: გომარდული [შუახევის მუნიციპალიტეტი] / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: