რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს



„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

„ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 კილომეტრის გავლა მიწევს, რომ უნივერსიტეტამდე მოვიდე“, – წერს ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თომა კაკაბაძე აქვე წერს ადაპტირებული ლიფტის ხარვეზებზეც.

თომა კაკაბაძის თქმით, ლიფტში ორივე მხარეს უნდა დამონტაჟდეს ღილაკები, სპეციალური ბარათის წამკითხველი კი დამონტაჟდეს 20-25 სანტიმეტრით დაბლა, ვიდრე დღეს არის.

„დამოუკიდებლად გამოყენებისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, რომ არ მიწევდეს  ლიფტით ყოველი სარგებლობის დროს ვინმეს შეწუხება“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიფტი კვირას არ მუშაობდა, „თუმცა ტექნიკოსებმა შეაკეთეს და ახლა უკვე ჩართულია“.  თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღეს 15 აპრილს, ლიფტი 4 საათამდე გამორთული იყო.

უნივერსიტეტში პანორამული ლიფტი გასულ წელს დაამონტაჟეს.

ბსუ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com