„მოიზიდე და მოკალი“



აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“.

აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს. კონკრეტულად კი, მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე.

„გასულ წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად აჭარაში ნაკლები ფაროსანაა, ამიტომ მიდგომა შეიცვალა. თერმულად  წელს მხოლოდ იმ ზონებს დავამუშავებთ, სადაც კრიტიკული მასა იქნება ფაროსანების. შარშანდელივით არ იქნება, როცა თითქმის ყველა სოფელი მუშავდებოდა თერმული ნისლით,“ – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.

2018 წელს აჭარასა და გურიაში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით სულ 205 ათას 857 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. აქედან 175 ათას 150 ჰექტარი თერმული ნისლის, ხოლო 30 ათას 307 ჰექტარი ცივი შესხურების მეთოდით [წყარო: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბები]

მისივე თქმით, თუ გასულ წელს მხოლოდ ხუთი ერთეული სპეციალური მანქანა [შესასხურებელი მოწყობილობით] იყო, წელს შესაწამლ ზონაში ერთდროულად 15 მანქანა შევა: „შესაბამისად, შემცირდება დროც, ვინაიდან შარშან ერთი მუნიციპალიტეტის დამუშავებას ერთი-ორი კვირა სჭირდებოდა“.

ფერომონების განთავსება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, 20-25 აპრილიდან უკვე შეწამვლითი ღონისძიებებიც დაიწყება.

სოფლებში განთავსდება ასევე ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ ხაფანგები. დაახლოებით 1-დან 15-მდე ცალი ერთ სოფელში.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში პირველ ეტაპზე 5 ათასამდე ცალი „მოიზიდე და მოკალი“ უნდა განთავსდეს.

„ღონისძიებებში ჩართული იქნებიან ჩვენი სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სატყეოს თანამშრომლები“, – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე. – „გასულ წელს რეგიონის მოსახლეობაც განსაკუთრებით აქტიურობდა ფაროსანასთან ბრძოლაში. წელს ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო წავახალისოთ, ამიტომ, ის ვინც აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში, მას ინდივიდუალურად, უფასოდ გადავცემთ „მოიზიდე და მოკალი“ ფერომონს“.

სახლის პირობებში ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურის [ხაფანგის] დამონტაჟებისას აუცილებელი პირობაა ფერომონი და ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე – ეს შეიძლება იყოს ძველი ფარდა, ზეწარი და ა.შ., რომელიც მაგრდება ხეზე ან ბოძზე,  საკარმიდამო ნაკვეთს, პლანტაციასა და მწერის პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილს  შორის არსებულ ტერიტორიაზე. აუცილებელი პირობაა ბადე ეხებოდეს ნიადაგს, რათა მავნებელმა შეძლოს მასზე აცოცება. შემდეგი ნაბიჯი მასზე 2-3 ერთეული  სატყუარას – ფერომონის განთავსებაა, რომელიც მიიზიდავს მავნებელს. ქიმიური პრეპარატით დამუშავებულ ბადესთან კოტაქტის შემდეგ ბაღლინჯო კვდება და ძირს ცვივა. მეტი ეფექტისთვის უმჯობესია ქსოვილთან დამაგრდეს ნათურაც, ამ შემთხვევაში მავნებელი ღამეც იკრიბება მის გარშემო. სპეციალისტები მოსახლოებას ურჩევენ, რომ „მოიზიდე და მოკალი სადგურის“ გარშემო ტერიტორია შემოფარგლონ, რათა ძირს ჩამოცვენილი ფაროსანა შინაურმა ფრინველებმა და ცხოველებმა არ შეჭამოს.

ქვეყნის მასშტაბით ფაროსანასთან ბრძოლას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკრეტულად კი სურსათის ეროვნული სააგენტო კურირებს.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1501
აჭარის ტერიტორიაზე კი ასევე მობ.: 595 10 23 97

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო; გასულ წლებში გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა.

ამ თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com