მთავარი,სიახლეები

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

14.04.2019 • 2760
“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ.

“გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის. შეკრებილები ასევე ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

“ჩემი ძმის, ზუკა ფაღავას საქმეზე ექიმს მხოლოდ 19 დღით შეუჩერეს ლიცენზია… ეს არაა დასჯა. 23 დღით რომ დაესაჯათ მინიმუმ, ჩხობაძე ელზა გადარჩებოდა. მასაც იგივე ექიმი მკურნალობდა,”- ამბობს ანა ფაღავა.

აქციაზე ზუკა ფაღავას მამაც იმყოფებოდა.

“მარტო ლიცენზიის შეჩერებაც არ კმარა. უნდა დაისაჯოს ექიმი ციხეში ჩასმით,” – გვითხრა მან.

გამოძიების გაჭიანურების პრობლემაზე საუბრობს ლია ლომთათიძე. იგი “მედცენტრში” გარდაცვლილი ელზა ჩხობაძის შვილია.

“პროკურატურისგან ვერაფერს გაიგებ… ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ თანახმა ვართ ეგზუმაციაზე ახლაც… “მედცენტრი” გაჩუმების სანაცვლოდ თანხას გვთავაზობდა – 20 ათას ლარს. გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ არავინ დაუკითხავთ,” – გვიყვება ლია ლომთათიძე.

აქციაზე იყო 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახიც. მათ აქციაზე ეს შეკითხვა გაუჩნდათ:

“ჩვენ ვაპირებდით მიგვემართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ: უნდა მივმართოთ? ვინც მიმართა, რა ქნა? სადაა შედეგი?” – კითხულობს მარიამ საფარიძე, საბა კიწმარიშვილის მამიდა.

რამდენი ექიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა სამედიცინო საქმიანობის გამო? – ეს ინფორმაცია “ბათუმელებმა” პროკურატურისგან გამოითხოვა, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ “მსგავს მონაცემებს პროკურატურა არ ამუშავებს”.

საპროტესტო აქცია ბათუმში მარტში მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა “მედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. საპროტესტო აქციების შემდე, ექიმმა, ვისთანაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა, უფლებამოსილება შეიჩერა. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. შემთხვევას ასევე სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.

გარდაცვლილი პაციენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: