მთავარი,სიახლეები

რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში

13.04.2019 • 1427
რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში

ხულოში, სოფელ ბოძაურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბავშვები ისევ სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღი გასული წლის აგვისტოს შემდეგ გამოკეტილია.

„აგვისტოში დაამთავრეს ყველაფერი მუშებმა, კარი გამოკეტეს და წავიდნენ. ვერ გავიგეთ, რატომ არ იხსნება ბაღი, ამდენი წელია ამას ვითხოვთ,“ – გვიყვება სოფელ ბოძარუაში მცხოვრები თალიკო შავაძე. მისი შვილიშვილი ახლაც სოფელ რიყეთის საბავშვო ბაღში დადის. ფინანსური დანახარჯის გარდა, მოქალაქე ტრანსპორტირების სირთულეზეც საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფელში დიდი თოვლი მოდის. ბოძაურაში მცხოვრები 6 წლამდე ბავშვები რიყეთის, ან დიოკნისის საბავშვო ბაღებში დადიან.

ხულოს მერიაში არ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ბაღი ამ დრომდე არ გახსნილა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ვასაძემ გვითხრა, რომ ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ტენდერი ერთობლივად სამი სოფლის ბაღის ინვენტარით აღჭურვაზე გამოაცხადეს.

„გამოცხადებულია უკვე ტენდერი და როგორც კი იქნება ინვენტარი, ბაღი გაიხსნება… პარალელურად მიმდინარეობს კადრების შერჩევის პროცესი. ტენდერი ახლა გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთი სოფელში, ვაშლოვანში, კანალიზაციის სისტემა დაზიანდა და მის შერემონტებას დრო სჭირდებოდა, ინვენტარის შესყიდვაზე კი ტენდერი ერთობლივად უნდა გამოგვეცხადებია,“ – განმარტავს ნადიმ ვასაძე.

ნადიმ ვასაძემ ვერ გვითხრა კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში.

ფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულო

ფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულო

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: