ურბანული პოლიტიკის შესახებ NDI ბათუმში საჯარო განხილვას გამართავს



ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 16 აპრილს, 11:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32) საჯარო განხილვას მართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებულია ბათუმის ურბანული პოლიტიკის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე.

პანელური დისკუსიის მომხსენებლები არიან: თენგიზ პეტრიძე, ბათუმის ვიცე მერი, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ხელმძღვანელი, ნატალია ზოიძე, სტუდია REC-ის ხელმძღვანელი, ირმა ზოიძე, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თეონა დიასამიძე და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი, ნათია აფხაზავა. მომხსენებლები თემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს წარმოადგენენ და ურბანულ საკითხებში მოქალაქეთა ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორია NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით დისკუსიას დაეთმობა.

NDI-ის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი