მთავარი,სიახლეები

არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი

12.04.2019 • 1650
არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი

აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოში.

ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას.

„ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემების გაშუქებაზე სრულად ორიენტირებამ, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით წარმოებულმა სარედაქციო პოლიტიკამ აჭარის მაუწყებელი გახადა დინამიკური, მრავალფეროვანი და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებზე მორგებული. ცხადია, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები აჭარის ტელევიზიის მუშაობაზე არამხოლოდ მენეჯმენტის, არამედ ტელევიზიაში მომუშავე პირების დამსახურებაა.

აჭარის ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მმართველობის მონიტორინგის თვალსაზრისით, რაც ცალსახად შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს.

არსებული მენეჯმენტის შეცვლა უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჩენს რისკებს ამ პროცესის შეჩერების, თავისუფალ სიტყვაზე შეტევის და სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა, გარდამტეხი ფაქტორი გახდეს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით.

რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე სრულად გაანალიზონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო წრეებთან დისკუსიის, მოსაზრებათა შეჯერებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ. ამასთან, გაასაჯაროვონ ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს.

მზად ვართ მედიაცია გავწიოთ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ნებისმიერ ფორმატში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების სრული ინფორმირება და ჩართულობა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საზოგადოებრივი განვითარების აკადემია; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი; დემოკრატიის ინსტიტუტი; ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის; ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი – ინტელექტი; საზოგადოება ბათომი.

დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მასშტაბით მოქმედმა 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ამავე თემაზე: 

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: