მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

12.04.2019 • 1718
ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც  პროცესში ჩხუბის დაწყების  შემდგომ ჩაერთნენ.

შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილე იყო. მან გვიპასუხა და დაგვიდასტურა, რომ გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე და ამავე ფრაქციის წევრი როინ ზოიძე.  ამ ინციდენტის მონაწილე იყო როინ ზოიძეც, რომელიც კონფლიქტის შემდეგ შეუძლოდ გახდა, თავზე მიიღო მსუბუქი დაზიანება და ის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანა. 

ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე ორჯერ ჰქონდა ადგილი. პირველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა მუნიციპალური ორგანიზაციის „ბათუმის წყლის“ მხრიდან ოპოზიციის ფრაქციისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობას, მეორე შემთხვევაში კი – ტერენტი გრანელის პროზაიკოსად მოხსენიებას. 

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: