მთავარი,სიახლეები

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

12.04.2019 • 2479
13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზირებულ მედიაგარემოში.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

აღნიშნული ორგანიზაციების ჩამონათვალი ასეთია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ღია საზოგადოების ფონდი; ​რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს, გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

ამავე თემაზე: 

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: