მთავარი,სიახლეები

მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

12.04.2019 • 3569
მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„კანონიერ ქურდობაშუ” ბრალდებულ მინდია ლავასოღლის მოსამართლე ლევან გელოვანმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი მშვიდად შეხვდა – დარბაზში ლავასოღლის ახლობელი არავინ იყო. ლავასოღლი თურქეთში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე საქართველოში ექსტრადირებული არ არის.

სხვა ბრალდებულებზე განაჩენის გამოცხადების დროს კი, დამსწრეთა ჯგუფმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ზაალ ახვლედიანსა და შოთა კეკელიძეს სასამართლომ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ივანე გეგიაძეს კი – 2 წლით და 6 თვით.

ლავასოღლის გარდა სხვა ბრალდებულებს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა. ისინი „ქურდული სამყაროს წევრობის“ მუხლის ნაცვლად „მხარდაჭერისთვის“ გაასამართლეს.

„რატომ?“ – რამდენჯერმე ხმამაღლა იკითხა მსჯავრდებულ ზაალ ახვლედიანის დედამ.

„სირცხვილი ლევან გელოვანს!“ „ეს არის თქვენი დამოუკიდებლობა?“ – ამ შეძახილებით ტოვებდნენ სასამართლო დარბაზს ბრალდებულების ახლობლები.

„არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები, ეს გადაწყვეტილება არის სასამართლოს სირცხვილი… ლევან გელოვანი არის მართლმსაჯულების სირცხვილი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,”- თქვა ზაალ ახვლედიანის ახლობელმა, ნათელა ლორთქიფანიძემ.

ადვოკატი პაატა ნაკაიძე, რომელიც ზაალ ახვლედიანის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ პროკურატურამ იმდენად გვიან წარმოადგინა დასკვნა სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ვეღარ მოესწრო. სატელეფონო საუბარი კი ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო.

ამ საქმეზე სულ 11 ბრალდებული იყო. გიორგი შავლიძის, რამაზ კომახიძისა და ბადრი ქობულაძის საქმე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა და მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულ იმედა აბაშიძეს სასჯელის მოხდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გადაუვადა. ამავე მოსამართლემ გაასამართლა: ბეჟან დეკანაძე და ჯამბულ ნაკაშიძე.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 10 პირი 2018 წლის 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ მათ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, 2017 წლის 17 ნოემბერს, ისე გაათავისუფლა სასამართლომ პატიმრობიდან, რომ კანონიერ ქურდობასა და ჯგუფურ გამოძალვაზე ბრალი არ დაუმტკიცებია. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი განუმარტავს, თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ლავასოღლი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გამოძიება ისევ გრძელდებოდა, ლავასოღლის ქვეყნის დატოვების უფლებაც მისცეს. ბოლო ინფორმაციით, იგი თურქეთში იმყოფება.

ამ თემაზე:

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: