მთავარი,სიახლეები

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

12.04.2019 • 4005
ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს – ნანა შერვაშიძე. მან ჯუმბერ უნგიაძე ჩაანაცვლა. კენჭისყრის პროცესი 10 აპრილს გაიმართა და ხმაურიანი გამოდგა – სამშობიარო სახლში პოლიციაც გამოიძახეს. ახალი დირექტორისთვის სამუშაო კაბინეტის დათმობას ქვემოიჯარე კომპანია არ აპირებს, რომელიც 2017 წლიდან სამშობიაროს მართავს. ახალი დირექტორი კი ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. არც ერთ მხარეს ამ დროისთვის არ აქვს კითხვაზე პასუხი: დარჩება თუ არა საბოლოოდ სამშობიარო სახლი რუსთაველის ქუჩაზე?

დირექტორის წილისყრის პროცესი რუსთაველის ქუჩაზე, სამშობიარო სახლის შენობაში შედგა. შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ მეწილეები საკონფერენციო ოთახში არ შეუშვეს, თუმცა მათ იქვე, სხვა ოთახში მოახერხეს შეხვედრა და ახალი დირექტორიც აირჩიეს.

„კარი მე მისთვის არ ამიჭედია. უბრალოდ, საკონფერენციო ოთახის კარი ჩავკეტე და ვუთხარი, რომ სამშობიარო სახლი არ არის საარჩევნო უბანი.  მახსოვს, ჯუმბერ უნგიაძე სარიტუალო დარბაზში აირჩიეს, ის რატომ უნდა აერჩიათ აქ?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა, ის შპს „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელია. ეს კომპანია მართავს სამშობიარო სახლს 2017 წლიდან. ის შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ ქვემოიჯარეა.

„სამუშაო ოთახიც მექნება და საერთოდ გავაუქმებ მათთან ხელშეკრულებას. მე კი არა, ეკონომიკის სამინისტრო უუქმებს მაგათ ხელშეკრულებას, რადგან ვალდებულებები ვერ შეასრულეს და დავალიანება აქვთ, ინფორმაციასაც მალავენ…“ – ირწმუნება ექიმი ნანა შერვაშიძე. ის ჯერ კიდევ „ევექსის“ ამბულატორიულ კლინიკაში მუშაობს და სამშობიარო სახლში მისვლას მას შემდეგ აპირებს, როცა საჯარო რეესტრში პროცედურული საკითხები გაიწერება.

„პოლიციაც გამოვიძახე, მაგრამ არ გააკეთეს რეაგირება, ხმაური არ არის და ვერ ჩავერევითო… როგორ უნდა აუხსნა პოლიციას, რომ არ შეიძლება 130 ადამიანი შეიკრიბოს სამშობიარო სახლში და იქ სანიტარული ნორმები დაიცვა,“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

„ამირჩიეს მე, რადგან სამშობიარო სახლიდან ბოლო დროს ბევრი ექიმი წავიდა. ამ ექიმებით მუშაობენ სხვა სამშობიაროები. ყველას უნდა უკან დაბრუნება. პრობლემა იყო ჯუმბერ უნგიაძის მენეჯმენტი… გასაგებიცაა, ის კონკურენტი კლინიკის ხელმძღვანელია,“ – ასე ხსნის ნანა შერვაშიძე მიზეზს, რის გამოც შეკრებილი მეწილეების უმრავლესობამ არჩევანი მასზე გააკეთა და ჯუმბერ უნგიაძე კანდიდატადაც აღარ დაუსახელებიათ.

სამშობიარო სახლში ახალი დირექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამშობიაროში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის შეტყობინება შევიდა დაჯარიმების შესახებ – სამშობიაროს დაახლოებით 6 მილიონი ლარით აჯარიმებდნენ იმის გამო, რომ მან სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება ვერ შეძლო.

შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს „მრავალპროფილიან სამშობიარო სახლთან“ 2017 წელს გააფორმა. ამ უკანასკნელს 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო სამშობიარო სახლში.

„დირექტორად მოიყვანეს ჯუმბერ უნგიაძე,“ – გვიყვება ნუგზარ პაპავა, – „რადგან კონკრეტული ვალდებულებები იყო შესასრულებელი, ქვეიჯარა გაფორმდა ჩვენთან. ჩვენ 600 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და დაგვრჩა 400 ათასი. უკვე მეოთხე თვეა ამოქმედდა სხვადასხვა მიმართულება, ასევე „ემერჯენსი“, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.“

რატომ აჯარიმებენ სამშობიარო სახლს? – ნუგზარ პაპავა განმარტავს, რომ „საქმე გაუგებრობასთან გვაქვს“, რადგან სამშობიაროს რემონტი, ძირითადად, ექიმების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა გაეკეთებინა [2016 წელს]. ეს ვადა დაირღვა, რადგან კომპანია, რომელიც სამშობიაროში ინვესტიციას ჩადებდა, ამ პერიოდში ვერ შეირჩა.

„ჩვენ 2017 წელს შემოვედით და გავაკეთეთ რემონტი… მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე დაგვპირდა გადავადებას, რაც ფორმალური პროცედურა იყო. ამ დაპირებიდან სამ დღეში ის გაუშვეს თანამდებობიდან. ახლა თორნიკე რიჟვაძეს შევხვდი და ის დაგვპირდა გარკვევას. რეალურად ჩვენ არ დაგვირღვევია ვადები,“ – აღნიშნავს ნუგზარ პაპავა, „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელი.

ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი მის კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისთვის გაუგებარია ის პრეტენზიები, რაც შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლს“ და ამ ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ახალ დირექტორს, ნანა შერვაშიძეს აქვს.

„რეალურად ჩანს, რომ უნდა ვიღაცას დირექტორობა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა თქვა უარი ისეთ ცნობილ ექიმზე, როგორიც ჯუმბერ უნგიაძეა?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა.

ნუგზარ პაპავას თქმით, სამშობიარო სახლს ამ დროისთვის „ნულოვანი ბიუჯეტი“ აქვს, ანუ შემოსავლები ფარავს ხარჯს, მეწილეები მოგებას ვერ იღებენ.

რატომ ვერ გახდა ფინანსურად წარმატებული კლინიკა ბათუმის სამშობიარო სახლი?

ნანა შერვაშიძე: „მე ვფიქრობ, რომ აქ იყო კონკრეტული პირების ინტერესი, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია… ეს „მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლი“ არის ძველი „სალვე“. ამ „სალვეს“ რა რეპუტაცია ჰქონდა და რა კლინიკა იყო, ყველამ ვიცით. ინტერესი იყო ალბათ ის, რომ ჩაძირულიყო სამშობიარო სახლი. დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე სახელმწიფოს აწვდიდა ინფორმაციას, რომ ხდება გადინება ექიმების, პაციენტების და ფაქტიურად სახელმწიფოს წინაშე აყენებდა სიტუაციას, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ეს კლინიკა.“

„ბრალდებებზე“ საპასუხოდ ჯუმბერ უნგიაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის დრო ვერ გამონახა.

ნანა შერვაშიძე წლების წინ მუშაობდა „ბათუმის სამშობიარო სახლში“. მან ეს დაწესებულება 2016 წელს დატოვა. ნანა შერვაშიძის მტკიცებით, სამშობიაროს ფინანსური სირთულეები ცუდი მენეჯმენტის გამო შეექმნა.

ნუგზარ პაპავას თქმით კი, სამშობიარო სახლი რეალურად მრავალპროფილური მხოლოდ სამი თვის წინ გახდა და ამ პერიოდში 12 ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. ნუგზარ პაპავა და სამშობიაროში ამჟამად მომუშავე ექიმები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სამშობიაროს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ისევ ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებებით.

„ადამიანი რომ აქ მუშაობს, გამოვა და იტყვის, ჭკვიანი ექიმი ვინცაა, იმან უკვე დატოვა ბათუმის სამშობიარო სახლიო, რა უნდა იფიქროს სხვამ?“ – გვითხრა სამშობიარო სახლის ექიმმა გელა გორგილაძემ.

„წინ გველის სასამართლო დავა,“ – ამას ახლა ორივე მხარე ამბობს. ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ სამშობიაროდან ის და მისი კომპანია არ გავა, თუკი დახარჯულ თანხას უკან არ ამოიღებს და ზიანს არ აუნაზღაურებენ. ნანა შერვაშიძეს კი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო „სხვა ბევრ რამეს დაადგენს“, თუმცა ჯერ დავის საგანზე ჩამოყალიბებული არ არის.

_______________

მთავარ ფოტოზე: ნუგზარ პაპავა და ნანა შერვაშიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: