განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის შეფასების ინსტრუმენტი სამინისტროს მზად არ აქვს, პროექტი კი მიმდინარეობს

11.04.2019 • 2649
სკოლის შეფასების ინსტრუმენტი სამინისტროს მზად არ აქვს, პროექტი კი მიმდინარეობს

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპილოტე პროექტი საქართველოს 50 საჯარო სკოლაში, რომელიც ითვალისწინებს სკოლების შეფასებას, რის შემდეგაც უნდა გამოიკვეთოს სკოლის კონკრეტული საჭიროებები.

წელს, მარტის დასაწყისში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო იმ ჯგუფის წევრების გადამზადება, რომლებმაც საპილოტე სკოლების შეფასებაზე უნდა იმუშაონ. მაშინ „ბათუმელებს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, წერილობით სახით, ჯერ არ ჰქონდათ.

მარტის ბოლოს „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ ჯაყელმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლის შეფასების ინსტრუმენტი, რისი მიხედვითაც უნდა იმუშაოს შეფასების ჯგუფმა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდებოდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები საპილოტე სკოლებში უკვე მუშაობენ. თუმცა, როგორც ამ შეფასების ჯგუფის ერთ-ერთი ტრენერი გვეუბნება, შეფასების ინსტრუმენტი დოკუმენტის სახით არ უნახავს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ჯერ არ არსებობს სკოლის შეფასების მეთოდოლოგია/ინსტრუმენტი, მაშინ რაზე დაყრდნობით მუშაობენ შეფასების ჯგუფის წევრები სკოლებში, ტრენერი ამბობს, რომ ჯერჯერობით ტრენინგზე მიღებული გამოცდილებით მუშაობენ.

რატომ არ გამოქვეყნდა ამ დრომდე შეფასების ინსტრუმენტი და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი, „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროში დღეს, 11 აპრილსაც იკითხა.

სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სკოლის შეფასების დოკუმენტი, „ამ კვირაში თუ არა, იმ კვირაში მაინც დაიდება“.

„ხალხი მუშაობს, ინსტრუმენტიც არსებობს, მაგრამ დახვეწა სჭირდება საბოლოო სახე რომ მიეცეს და ამის შეთანხმება ხდება“, – გვეუბნებიან განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ჩაკეტილი პროცესი, რომელიც განათლების რეფორმაში მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს სისტემას.

„რეალურად, სფეროში ჩართული ორგანიზაციებისთვის არ არის ცნობილი არანაირი კონცეფცია და, სამწუხაროდ, არც ის ინსტრუმენტები, რომლითაც სკოლის შეფასება ხორციელდება.

ჯერ უნდა შეიქმნას კონცეფცია, შემდეგ უნდა მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში, ამის შემდეგ, კონცეფციის საფუძველზე უნდა შეიქმნას მეთოდოლოგიური ჩარჩო და ამ მეთოდოლოგიური ჩარჩოს და მოდულების საფუძველზე უნდა მოემზადონ ტრენერები, რომლებიც შევლენ სკოლებში. თუმცა, ჩვენ ამ პროცესს ვერ ვავთხედ“, – გვეუბნება რეზო აფხაზავა.

მისი თქმით, განათლებაში დაანონსებული პროექტები, ჯერჯერობით, მხოლოდ ზოგადი იდეების დონეზეა, მაშინ, როცა ეს უნდა იყოს გაწერილი.

„ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში მოგვაწვდიდნენ დოკუმენტებს და ველოდებით“.

რევაზ აფხაზავას თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე ექსპერტი მუშაობს სამინისტროში, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს ცნობილი არ არის.

„ჩემი გამოცდილებით, ასეთი დახურული ტიპის ინიციატივები როდესაც კეთდება, მაინცადამაინც ეფექტური არ არის ხოლმე საბოლოო ჯამში. ბევრი გვინახავს ასეთი ინიციატივები, რომლებსაც პოსტფაქტუმ გვაცნობენ. საზოგადოებასაც დაბალი მიმღებლობა აქვს ასეთი პროექტების მიმართ. მიმღებლობა რომ იყოს მაღალი, საზოგადოების ჩართულობაც  უნდა იყოს მაღალი. ჯერჯერობით ჩართულობა არ არის, იმიტომ რომ ინფორმაცია არ ვრცელდება კონკრეტულ მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, სკოლების შეფასებაა ეს თუ სხვა რომელიმე, პედაგოგიკის თვალსაზრისით“, – გვეუბნება რეზო აფხაზავა.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების ახალი რეფორმის  ფარგლებში ხორციელდება.  სამინისტროს განმარტებით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკული აზროვნება და პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას, განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის  ექვსი პროცენტი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ამ დრომდე არც განათლების რეფორმის კონცეფცია გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, არც რეფორმის ფარგლებში გაჟღერებული ცალკეული პროექტების დოკუმენტები.

_________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: