მთავარი,სიახლეები

სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

11.04.2019 • 3536
სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში სამტრედია-ბათუმის მაგისტრალზე გზის მანიშნებლები ჩამოხსნეს. ადგილობრივების თქმით, მიზეზი იმ მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებაა, რომელსაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად სოფელ ხიდმაღალაზე [სუფსა] ამზადებენ.

ხე თითქმის მზადაა გადასატანად და მისი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტვირთის გადასატანად სპეციალურად კეთდება სოფლის გზაც. როგორც სოფელში ამბობენ, ხის გატანის შემდეგ სოფლის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. მრავალწლოვანი ხე კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზეა ამოთხრილი.

ხე თავდაპირველად სუფსიდან გრიგოლეთში მიაქვთ, გრიგოლეთიდან შეკვეთილში კი, შესაძლოა ზღვით გადაიტანონ. გრიგოლეთში, ასევე, ფოთთან, მალთაყვის სანაპიროზე, ორი მრავალწლოვანი სხვა ხეა გამზადებული გადასატანად.

საგზაო ნიშნების ჩამოხსნასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას უთხრეს, რომ ეს სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობას უკავშირდებოდა.

„როგორც გავიგე, ურეკიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები წყალწმინდა-სუფსის [ე.წ. ძველი გზის] მონაკვეთით ისარგებლებენ, სატვირთოები – წყალწმინდა-გრიგოლეთი-ფოთის მიმართულებით. გრიგოლეთი-სუფსის მონაკვეთი კი დროებით ჩაიკეტება, აქ საავტომობილო გადასასვლელი ხიდი უნდა აშენდეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-სუფსის მონაკვეთის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ განიხილება. „მოძრაობის ასეთი დროებითი რეჟიმი შესაძლოა დაწესდეს, მაგრამ არა ახლა“, – გვითხრეს დეპარტამენტში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რას უკავშირდება საგზაო ნიშნების [რკინის კონსტრუქციების] ჩამოხსნა.

სუფსა / ხიდმაღალა / შეკვეთილში გადასატანად გამზადებული ხე / 11.04.2019 / გიორგი ჯორბენაძის ფოტოები

სუფსა / ხიდმაღალა / შეკვეთილში გადასატანად გამზადებული ხე / 11.04.2019

ხის გადატანის სამუშაოები სოფელ ხიდმაღალაში / სუფსა / 11.04.2019

ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019

ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019

ჩამოხსნილი საგზაო ნიშნები / გრიგოლეთი / 11.04.2019

გზის რუკა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-სუფსის გზის მონაკვეთის ჩაკეტვა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: