ლელობურთის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს



წელს, 28 აპრილს, აღდგომა გურიის ერთ სოფელში განსხვავებულად აღინიშნება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში აღდგომას, ტრადიციულად, სოფელი ორ ნაწილად – ზემო და ქვემო შუხუთად იყოფა და ერთმანეთს ეჯიბრება სილითა და ნახერხით სავსე 18-კილოგრამიანი ლელოს ბურთის სოფლის ღელემდე მიტანაში.

წელს, მარტში, ლელობურთის ტრადიციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს, სახელწოდება ნათლად განმარტავს მის შინაარს, ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს შეუპოვარ ბრძოლასთან.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ძირძველი თამაში ბურთაობიდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალის მიხედვით აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. ხოლო ძირითადად სათამაშო ცენტრად აღიარებული იყო: ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა.

ამასთანავე, ცნობილია ისიც, რომ თამაშობაში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები: თავადები, აზნაურები, გლეხები.

რთულია ვიმსჯელოთ ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში დღემდე თამაშობენ „ლელობურთს“ რომელიც სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ბრძოლას უკავშირებენ.

„ლელო“ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს , „ცაცხვების ქვეშ“ იმართება. დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო რთულია ვთქვათ, რამდენ საუკუნეს მოიცავს ეს თამაში, მაგრამ ფაქტია, რომ გურულებმა მოახერხეს დღემდე შეენარჩუნებინათ ბრძოლის ამსახველ რიტუალად ქცეული სპორტის ეს ეროვნული სახეობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მიუხედავად „ლელობურთის“ საუკუნეზე მეტი დროის არსებობისა, მას ისეთი სახეცვლილება არ განუცდია რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა.

ლელოს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე.

ძველადაც და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. კომუნისტების მმართველობის დროს კი ლელოს 1-ელ მაისს თამაშობდნენ.

1989 წელს ერთადერთხელ დაირღვა ტრადიცია, როცა ლელობურთი გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად 9 აპრილს დაღუპულთა სულის პატივსაცემად თბილისში, მემორიალთან დადეს.

წლების მანძილზე ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია ეს პატივი აქვს სოფლის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ საბას. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში ინახავს საღამოს 5 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე)“ – ვკითხულობთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

2015 წელს გურიაში ლელო მსხვერპლით დასრულდა – შუახნის მამაკაცი თამაშის დროს გარდაიცვალა, თუმცა თამაში მაინც გაგრძელდა.

________________

მთავარ ფოტოზე: ლელობურთი გურიაში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ამავე თემაზე: 

ლელობურთი გურიაში [ფოტორეპორტაჟი]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com