მთავარი,სიახლეები

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

11.04.2019 • 3663
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო, გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე, 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციული მექანიზმები ნაკლოვანებებით გამოირჩევა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების შემდგომ, 2016 წლის სექტემბერში დააფიქსირა, მაშინ, როდესაც აზიური ფაროსანას მიერ სასოფლო სამეურნეო კულტურები უკვე დაზიანებული იყო. შესაბამისად, მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს არა მასობრივი გავრცელების პრევენციული, არამედ შემდგომი რეაგირების ხასიათი ჰქონდა. სააგენტოს ფიტოსანიტარიული კონტროლის მეთოდოლოგია, რომელიც მავნებლების ქვეყნის
ტერიტორიაზე შემოჭრის და მასობრივი გავრცელების შესახებ რისკის დროული იდენტიფიცირების და პრევენციის ერთ­-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, არის ზოგადი ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან დეტალიზაციას“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას გავრცელების შედარებით მცირე არეალზე.

2017 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითად სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა მხოლოდ აშშ­-ის ექსპერტების რეკომენდაციები და მთავრობის განკარგულება. 2018 წელს განკარგულებას დაემატა სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმაც, რომელიც, აუდიტის დასკვნით, არ არის საკმარისად დეტალური, იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და არ შეიცავს მისაღწევი შედეგების შეფასების ინდიკატორებს.

განსახორციელებელი ღონისძიებები 2017 წელს მოიცავდა მხოლოდ სამ მიმართულებას: მონიტორინგი, კონტროლის ღონისძიებები და ცნობიერების ამაღლება, ხოლო სამეცნიერო-­კვლევითი სამუშაოების მიმართულება, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ გრძელვადიან პერიოდში ბრძოლის ერთ­-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაემატა 2018 წელს.

სურსათის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს 230 ათას ოჯახს გადაეცა პესტიციდი, თუმცა კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხული 734 ბენეფიციარიდან 25%-ს პესტიციდი საერთოდ არ გამოუყენებია.

გარდა ამისა, სახელმწიფომ, საინფორმაციო კამპანიისთვის გამოყოფილი 1,8 მილიონი ლარიდან 2018 წელს 1 მილიონზე მეტი ლარი ვერ აითვისა:

აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტის მიხედვით, ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის კულტურა. მოსავალი 2016 წელს − 16%-ით, ხოლო 2017 წელს 27%-ით შემცირდა. მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიყენებულმა ზარალმა კი, მარტო 2016 წელს, 69 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა.

„2018 წელს ძირითადად შეიწამლა თხილის და სიმინდის ნაკვეთები, ხოლო მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დამუშავდა მხოლოდ გზისპირების სიახლოვეს, 150 მეტრამდე რადიუსით. ძირითადად გამოყენებული იყო თერმული ნისლის ტექნოლოგია, რომელიც მავნებელზე რესპირატორული გზით მოქმედებს და ნარჩენი მოქმედების ეფექტი არ გააჩნია. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რჩებოდა დაუმუშავებელი ტერიტორიები, საიდანაც დამუშავებულ ფართობებზე ფაროსანას მიგრაციის რისკი მაღალი იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.

წყარო: აუდიტის ანგარიში

დოკუმენტში აღნიშნულია სურსათის სააგენტოს შემდეგი განმარტება: „სახელმწიფოს არ აუღია ვალდებულება, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეძლებდა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას, შესაბამისად, ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებული იყო მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, სლოგანით − „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. სააგენტოს ხელთ არსებული სპეციალიზებული ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია დიდი ფართობების დასამუშავებლად, დაუშვებელია, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სასოფლო-­სამეურნეო და დეკორატიული კულტურები, ასევე შინაური ცხოველები, ნარჩენი მოქმედების ბიფენტრინის შემცველი პესტიციდების გამოყენებით მასობრივი შეწამვლითი სამუშაოების განხორციელება.“

ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებები განხორციელდა ბიფენტრინის და დელტამეტრინის შემცველი ინსექტიციდებით, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ტოქსიკურია (WHO).

სააგენტოს განმარტებით, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდების გამოყენება დაიწყო მხოლოდ აშშ­-­დან მოწვეული ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე, რადგან მიიჩნიეს, რომ მათი მრავალწლიანი გამოცდილება იქნებოდა საუკეთესო არჩევანი არსებული კრიტიკული სიტუაციის გათვალისწინებით. დელტამეტრინის გამოყენების გადაწყვეტილება კი ძირითადად დაეფუძნა ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ სააგენტოს გასული წლების გამოცდილებას.

„ერთიანი შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც გამოჩნდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში რა გავლენა იქონია თითოეულმა იმ ფაქტორმა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ოპტიმალური ინსექტიციდების შერჩევისთვის, შედგენილი არ არის“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ „სააგენტოს მიერ პესტიციდების ნარჩენი რაოდენობების განსაზღვრის მიზნით აღებულ ნიმუშებში ბიფენტრინის და დელტამეტრინის ნარჩენი რაოდენობები არ აღემატება სტანდარტით დაშვებულ ნორმებს. თუმცა, მომავალში ქიმიური ნივთიერებების ინტენსიურად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, ზემოაღნიშნული კომპონენტების დაბინძურება გახდეს პრობლემური საკითხი. ამისათვის საჭიროა სააგენტომ გააგრძელოს დაბინძურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი“.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მასობრივი გავრცელების მიზეზი იყოს საბაჟო-­გამშვები პუნქტიდან იმპორტირებული პროდუქტები. თუმცა, ფაროსანას შემოჭრის გზები ოფიციალურ წყაროებში იდენტიფიცირებული არ არის.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სააგენტო კონტროლის ყოველწლიურ პროგრამას შეიმუშავებს მავნებლების ნუსხის საფუძველზე, რომელიც ბოლოს განახლდა 2014 წელს. ნუსხაში არარეგისტრირებული 104 და შეზღუდულად გავრცელებული 13 მავნებელია, რომელთა შორის აზიური ფაროსანა არ გვხვდება. სააგენტოს განმარტებით, საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის განახლება ხორციელდება ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) სიების გათვალისწინებით.

„EPPO-ს მონაცემებით, აზიური ფაროსანა სოჭში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა და 2015 წელს მასობრივად გავრცელდა აფხაზეთში, თუმცა ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდა 2016 წლის აგვისტოში, რაც დაგვიანებული აღმოჩნდა სააგენტოსთვის აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის დროული ზომების მისაღებად.

სააგენტოს განმარტებით, აზიურმა ფაროსანამ აფხაზეთიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე შემოსვლა, სავარაუდოდ, 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც ზამთრობის პერიოდი დაასრულა და გააქტიურდა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ფაროსანა 2016 წელს კონტროლის ყოველწლიურ პროგრამაში არ შესულა, რადგან ვერც ნუსხიდან მოხვდა გეგმაში და ვერც მონიტორინგის მექანიზმებმა გამოავლინა დროულად მავნებლის მასობრივად გამრავლების საფრთხის არსებობა“, – აღნიშნავს აუდიტი.

2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ­-ერთ მიმართულებად საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა სამეცნიერო-­კვლევითი სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრების (ბიოაგენტები) გამოვლენას, მათი გამოყენების შესაძლებლობის და მიზანშეწონილობის განსაზღვრას და ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის შესწავლას.

„აღნიშნული მიზნებისთვის, სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის გრანტების გასაცემად ბიუჯეტიდან გამოიყო 500 000 ლარი 2018 წლის მაისში, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 30 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ჯერ არ დამდგარა“, – აცხადებს აუდიტი.

აზიური ფაროსანას შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

წყარო: აუდიტის ანგარიში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: