მთავარი,სიახლეები

გია ვოლსკი ხულოში: შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას პარლამენტში

10.04.2019 • 1192
გია ვოლსკი ხულოში: შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას პარლამენტში

„შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას,“ – აღნიშნა დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ. ხულოს შუალედურ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ვახტანგ ბერიძე მერის მოვალეობას გასული წლის ოქტომბრიდან ასრულებს.

„…შესანიშნავი დეპუტაცია ჰყავს აჭარას, განსაკუთრებით ხულოს, საქართველოს პარლამენტში. ყველა, ვინც თქვენს თვალწინ გამოვა, ასევე იქნება მათი თანამდგომი, ყველა საკითხში დამხმარე და ხელის შემშველებელი. შეიძლება ვერ გაწვდე ყველაფერს, მაგრამ საკითხი არ უნდა დარჩეს, რომ კონკრეტულ ადამიანთან არ მიხვიდე და არ გამოკითხო მისი აზრი. თუ რამე ჩვენ მიერ დანიშნულ ან არჩეულ ხელმძღვანელს აკლია ამ თვალსაზრისით, ყველას უნდა გადავხედოთ. ასეთი გადახედვა მოხდა უკვე ხულოს რაიონში,“ – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ, 3 აპრილს, TV „პირველმა“ „აჭარის დეპუტაციის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, არჩილ ხაბაძის სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა. ამ ჩანაწერში არჩილ ხაბაძე გია ვოსლკისთან დაპირისპირებაზეც საუბრობს. „ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე,“ – ამბობს არჩილ ხაბაძე ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

გია ვოლსკისთან ერთად ხულოს მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ წარადგინეს: პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

შუალედური არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ხულოს არჩეული მერი გაურკვეველ ვითარებაში გადადგა.

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: