მთავარი,სიახლეები

11 წელი გავიდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან

10.04.2021 • 3404
11 წელი გავიდა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფიდან

დღეს პოლონეთში პოლონური პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ტრაგიკულ დაღუპვას იხსენებენ. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე – მარია კაჩინსკი და პოლონეთის დელეგაცია: მთავრობისა და პარლამენტის წევრები, რელიგიური მოღვაწეები, სულ 96 ადამიანი.

2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154 ავიაკატასტროფაში მოხვდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

პოლონეთის დელეგაცია რუსეთში, სმოლენსკში მიფრინავდა, სადაც კატინის ტყეში, საბჭოთა ტერორის დროს 21 ათასზე მეტი დახვრეტილი პოლონელის მემორიალის გახსნაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. პოლონელი ტყვეები 1940 წელს, НКВД-ეს დანაყოფებმა დახვრიტეს და კატინის ტყეში დამარხეს.

ავიაკატასტროფა რუსეთში, სმოლენსკის აეროპორტთან ახლოს მოხდა.

ლეხ და მარია კაჩინსკები კრაკოვში, ვაველის კათედრალში არიან დაკრძალული.

ავიაკატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ წარმოადგენა გამოძიების შედეგები. გამოძიების ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა მეტეოპირობების შეუსაბამობა და ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ დამჯდარიყო სათადარიგო აეროდრომზე. 2015 წელს ხელახალი გამოიძება დაიწყო პოლონეთის ხელისუფლებამ. გასულ წელს გამოძიების ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, მათ შორის იგი ჩამოვიდა უახლეს ისტორიაში საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში, აგვისტოს ომის დღეებში.

2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 11 აპრილი კი, საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

თბილისსა და ბათუმში არის ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა.

ფოტო: prezydent.pl 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: