მთავარი,სიახლეები

მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ

10.04.2019 • 2741
მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ

“ვიცი, სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ხვალ დილიდან მეჩეთის მშენებლობას ვიწყებთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ერთ-ერთმა მუსლიმმა მიმართა და თან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე” არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტების კანონიერების და დისკრიმინაციულობის დადგენაა, რითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აგებაზე უარი უთხრეს.

დარბაზში რეპლიკები მას შემდეგ გაჩნდა, როცა ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ დისკრიმინაციულობა ასე გამორიცხა:

“მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იმ ზონაში 7 საკულტო ნაგებობაა, მაგრამ არც ერთს არ აქვს მშენებლობის ნებართვა. თქვენ ვერ დამისახელებთ შემთხვევას, როცა რომელიმე საკულტო ნაგებობაზე იმ ზონაში მერიამ მისცა რომელიმე რელიგიურ კონფესიას ნებართვა,” – აღნიშნა ვახტანგ გედენიძემ.

“კანონი რამე აღარ ყოფილა”, “რაღას გვალაპარაკებთ მაშინ ამდენს?” – წამოიძახეს დარბაზიდან. მოსამართლემ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მოსამართლეს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, ნოდარ პაქსაძემაც მიმართა:

“მე გაჩვენებთ დოკუმენტს – მერიას არც ერთი ეს საკულტო ნაგებობა უნებართვო მშენებლობის გამო არ დაუჯარიმებია,” – თქვა მან.

“მაჩვენეთ,” – მოკლედ მიუგო მას მოსამართლემ.

მერიის იურისტმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზონალურმა საბჭომ თქვა უარი ბათუმში ახალი მეჩეთის აგებაზე და ამ დასკვნას დაეყრდნო ბათუმის მერი.

“მართალია, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინება სავალდებულო არ არის, მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ გვქონია, რომ ზონალურ საბჭოს არ დათანხმებოდა მერი… იქ არიან კომპეტენტური ადამიანები და მერი მათ დასკვნას ითვალისწინებს,” – აღნიშნა ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ.

ბათუმის მერიის იურისტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე თქვა, რომ მორიგ სხდომაზე მერია ზონალური საბჭოს წევრების მოწმეების სახით დაკითხვას მოითხოვს.

“მათი პოზიცია იქნება საინტერესო,” – დასძინა იურისტმა.

განხილვის პროცესში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საკუთარი ინიციატივით დაიბარა იურისტები და გაესაუბრა, რომლის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.

“მოსამართლემ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა მოლაპარაკების რესურსის გამოყენება… ჩვენ ვუთხარით, რომ დღესვე გვინდა მორიგი სხდომის თარიღი ჩაინიშნოს,” – გვითხრა თამთა მიქელაძემ, “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელმა. ეს ორგანიზაცია “ტოლერანტონტობის ინსტიტუტთან” ერთად სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

სხდომის გაგრძელების შემდეგ მოსამართლემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ შესაძლოა მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგეს.

“სასამართლოსაც ჰქონდა შეკითხვები, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ… ბევრი აღარ დარჩა გასავლელი,” – მიმართა მხარეებს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

დარბაზის დატოვებამდე მოსამართლემ მორიგი სხდომის თარიღიც დააანონსა – 22 მაისი.

“მაისიო” – წამოიძახეს დარბაზიდან.

“დარბაზში ხომაა ყველაფერი გასაგები?” – შეყოვნდა მოსამართლე.

“კი, ხელი მოაწერონ და დასრულდება დავა,” – უთხრეს დარბაზიდან მოსამართლეს.

_____

დღეს, 10 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუსლიმი თემის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. 26 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მუსლიმებს უარი უთხრა მეჩეთის პროექტის დამტკიცებაზე. ეს ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის დროს მოხდა. მოქმედმა მერმა მუსლიმებთა მოლაპარაკების დაწყების მოტივით სასამართლოს სთხოვა პროცესის გადადება. ამ თხოვნის შემდეგ რვა თვე გავიდა, მაგრამ მოქმედი მერი, ლაშა კომახიძე, მუსლიმებს არც ერთხელ არ შეხვედრია. ამის მიუხედავად გუშინ, 9 აპრილს, მან განაცხადა, რომ მოლაპარაკების რესურსი ისევ არსებობს.

მუსლიმები წლებია ითხოვენ ბათუმში მეჩეთის აშენების უფლებას. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ მეჩეთის ასაშენებლად. სახელმწიფომ მათ მიწა არ გამოუყო. შემდეგ, წლების განმავლობაში, მუსლიმი თემი თავად აგროვებდა თანხას და 2017 წელს მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა მათ სახელმწიფომ მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.

მეჩეთისთვის ნაყიდ ტერიტორიაზე თავად თემმა ფიცრული ააშენა, სადაც უკვე ორი წელია  ლოცულობენ მუსლიმები.

დღემდე ბათუმში ერთი მეჩეთი ფუნქციონირებს. მორწმუნეებს კი, პარასკევის ლოცვის შესრულება ქუჩაში უწევთ.

ბათუმში 38 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობს.

მთავარი ფოტო: მუსლიმები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: