საპენსიო სააგენტო ავეჯში 61 830 ლარს დახარჯავს



საპენსიო სააგენტომ ავეჯის შესაძენად ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ავეჯისათვის სააგენტო 61 830-მდე ლარის დახარჯვას აპირებს.

სააგენტო აპირებს ტენდერით შეიძინოს 7 რბილი დივანი, ნაჭრის ან ტყავის ზედაპირით, 7 200 ლარად; კაბინეტის მაგიდები, ჟურნალის მაგიდა და კარადები – 19 900 ლარად;  ოფისის ავეჯი (ტრანსპორტირებით და მონტაჟით) – 13 980 ლარად და სავარძლები [40 ცალი], საკონფერენციო მაგიდა და საკონფერენციო სკამები [სულ 50 ცალი] – 20 750 ლარად.

დასახელებული თანხები მითითებულია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მიხედვით.

საპენსიო სააგენტომ ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით უკვე შეიძინა 15 ცალი მაგიდა [ტუმბოთი] და 2 ორადგილიანი მაგიდა ბარიერით, რისთვისაც ჯამში 5 750 ლარი დახარჯა, 19 სავარძელი – 4 332 ლარად და კიდევ ცალკე – 40 სავარძელი – 8650 ლარად.

სააგენტომ, ასევე ტენდერის გარეშე შეიძინა 17 კომპიუტერი 40 295 ლარად. როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტეს, ტენდერის გარეშე ამ ღირებულების ტექნიკის და ასევე, საჭირო ავეჯის შეძენის მიზეზი ის გახდა, რომ ახალ სააგენტოს მოკლე ხანში უნდა დაეწყო მუშაობა.

საპენსიო სააგენტოში ამჟამად 53 ადამიანი მუშაობს, მათგან შტატში – 46, ხოლო შტატგარეშედ – 7 თანამშრომელი. ამის გარდა, სააგენტოში ხუთი ვაკანტური ადგილია საინვესტიციო განყოფილებაში და უნდა დაკომპლექტდეს რისკის მენეჯმენტის ჯგუფი. „რაოდენობა მზარდია, საქმისდა მიხედვით“, –  გვითხრეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

წელს საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან 3 მილიონ 800 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 10 ათასიდან 15 ათასამდე ლარია.

გაინტერესებთ შეგიძლიათ თუ არა საპენსიო სქემის დატოვება? ინფორმაციას გაეცანით აქ: 

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

_________

ფოტო:  buzzardsrow.com

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com