სახლი ეკომიგრანტებისთვის პირველ მაისში – ქედის მერია მეორე წელია მშენებელ კომპანიას ეძებს



სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა.  სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული.

ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს შეწყდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობის [არანაკლებ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი  ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი ხელშეკრულებით არანაკლებ 1 მილიონი  ლარის ოდენობით.

————

2018 წელს გამოცხადებული ტენდერი პირველად კომპანია „ჯი ინშაათმა“ გაასაჩივრა, რომელიც აცხადებდა, რომ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.

ამ დროისთვის კომპანია „ჯი ინშაათი“ ქედის მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობდა, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.

სატენდერო კომისიას „ჯი ინშაათმა“ რამდენჯერმე უჩივლა. დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ქედის სატენდერო კომისიამ კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთან ხელშეკრულება მომზადებულიყო, დავა ტენდერის გამო ისევ გაგრძელდა. საბჭოს საჩივრით მეორე პრეტენდენტმა – „მომავლის ხედვამ“ მიმართა და სატენდერო კომისიის იმ ოქმის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც „ჯი ინშაათი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. დავების საბჭომ „მომავლის ხედვის“ ეს საჩივარიც სრულად დააკმაყოფილა.

ქედის სატენდერო კომისიამ კი, როგორც ოქმის ამონაწერიდან ჩანს, ტენდერი საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან „სატენდერო პროცედურების განხორციელება და სამუშაოების დაწყება ვეღარ მოესწრებოდა იმ დროში, რაც ტენდერის პირობებით იყო განსაზღვრული“.

2019 წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერიც არ შედგა. კომისიამ მონაწილე ოთხი კომპანიიდან ოთხივეს დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში „ჯი ინშაათიც“ მონაწილეობდა და „მომავლის ხედვაც“, თუმცა წინა ტენდერისგან განსხვავებით ფასები ორთავეს გაზრდილი ჰქონდათ: „ჯი ინშაათის შეთავაზება“ 1 249 000 ლარი იყო, „მომავლის ხედვის“ კი – 1 375 000.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com