მთავარი,სიახლეები

ცხოვრება სახლში, რომელიც 200 წლისაა

09.04.2019 • 3125
ცხოვრება სახლში, რომელიც 200 წლისაა

„ოთხი ბინა რომ მომცეთ ოთხოთახიანი, ვერ გაგიცვლით ამ სახლში, არ მინდა,“ – ამბობს მზევინარ ჯაბნიძე. იგი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში ცხოვრობს ხით და ქვით ნაშენ სახლში, რომელიც, მისი თქმით, სულ ცოტა ორი საუკუნის წინ ლაზებმა ააშენეს.

მან სახლთან მისვლამდე შეგვნიშნა, როცა სოფლის ძველი მეჩეთიდან მისი სახლის გზაზე შევუხვიეთ, ბოსტანში საქმე მიატოვა, ეზოს კიდეში გაჩერდა და ხელი მოიჩრდილა:

„ვიცი, აქ მოდიხართ… უცხო ვინც შემოდის, ყველას აქ მოუწევს გული. მე სულ მიკვირს, რაა უცნაური. 45 წელია აქ ვცხოვრობ… მამამთილი იტყოდა, ბაბას [მამა] ახსოვდა, როგორ აშენებდნენ ამ სახლს ლაზი მშენებლებიო,“ – დაიწყო მზევინარმა და თან სახლს ახედა.

სახლი გარედან ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. შიგნიდან ხისაა. მზევინარი გვიხსნის, თავიდან ისე აშენდა ეს სახლი, ორი ძმის ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მერე ალბათ იჩხუბეს და ერთ-ერთი ცალკე გაიყოო. სახლი ორივე სართულზე ორ ნაწილად იყოფა – მისაღები ოთახებით, შუშაბანდებით, სამზარეულოთი თუ „სასტუმროთი“.

სახლში შესვლა სამი კარიდან შეიძლება.

„სასტუმროს რატომ ვუძახი და სტუმარი რომ მომივა ვინმე, ის ათევს ღამეს, მეორე სართულის საძინებელში, თორემ ფულს კი არ ვახდიებ ვინმეს… გათხოვილი გოგოები მყავს. მათი ღამის გასათევიც ესაა,“ – გვიყვება მზევინარ ჯაბნიძე და წაბლის ხის უკვე ჩაშავებულ კედლებზე მიწყობილ თოჯინებს ასწორებს.

მზევინარ ჯაბნიძე რემონტის წინააღმდეგია. ამბობს, რომ სახლში იშვიათად იცვლება რამე და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ოჯახში „ახალი ტექნიკის შეძენის აუცილებლობას ასაბუთებენ ახალგაზრდები“.

„ამ ოთახს ადრე საქალებო ერქვა,“ – მიხსნის მზევინარი და სამზარეულოს გვერდით ფერადი ორნამენტებით გაფორმებულ კარს ხსნის, – „ადრე ქალი ვერ შევიდოდა იმ ოთახში, სადაც მამაკაცები სადილობდნენ. აქ მბრუნავი დახლი იყო, საჭმელს აქ დააწყობდნენ ქალები, დაატრიალებდნენ დახლს და მამაკაცები იქედან აიღებდნენ საჭმელს… როცა მე მოვედი, დედამთილმა ამიხსნა, ასეა ესო, მაგრამ მე აღარ გამომიყენებია, შეიცვალა დრო…“

დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მზევინარს „საქალებო“ და დახლი გაუუქმებია. მის ნაცვლად სათავსო მოუწყვიათ. სამზარეულოს შემდეგ მასპინძელი შესასვლელ კართან მაჩერებს და რკინის ძველებურ საკეტს მაჩვენებს. კარს შიგნიდან ხურავს, ჯერ ცალ მხარეს ამაგრებს რკინის ურდულით, მერე – მეორეს და საერთო რკინის ძელს ზემოდან უშვებს.

„ასე ვეღარც ქურდი შემოვა და ვერც ნადირი, დაცული ხარ… მე კარს ასე ვკეტავ, ძველებურად,“ – ჩაილაპარაკა მზევინარმა.

რატომ არის კარგი ძველ სახლში ცხოვრება? – მზევინარ ჯაბნიძე კითხვას უკან მიბრუნებს: „ბეტონებში და „დიქტებში“ ძილი და აქ ძილი ერთია?“

მერე მიყვება, როგორ გამოიქცა ქალაქიდან და „სირცხვილი ჭამა“, რადგან ქალაქში ჩასულს ღამით არ დაეძინა, „ვერ მოისვენა,“ „სული შეუწუხდა“ და ინათა თუ არა, ისევ ზუნდაგაში წამოვიდა.

„ამას წინათ ჩემს დას ველაპარაკე, ბათუმში ცხოვრობს, კერძო სახლში. აღებაში ხვდება და იქაც კორპუსი უნდათ, რომ ააშენონ. ვუთხარი, არ შეცდე ჭკუიდან, ისევ სახლი იყიდე სადმე-მეთქი, რა ვიცი, რა იქნება…“ – მხრებს იჩეჩავს და შინდის კომპოტზე გვეპატიჟება.

ცხოვრებაზეც ვკითხე. 32 წლისა დაქვრივებულა. მეხუთე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ, როცა 36 წლის ქმარი უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა.

არსებობს თუ არა ოფიციალური დოკუმენტი, რაც სახლის სიძველეს დაადასტურებს? – მზევინარ ჯაბნიძის თქმით, ასეთი დოკუმენტი მას არსად უძებნია. ზუნდაგაში სულ სამი ძველი სახლი, ასევე „მეიდან ოდაა“. მზევინარის თქმით, ეს ლამაზი სახლები ლაზმა მშენებლებმა დაუტოვეს ზუნდაგას, სადაც ჯერ კვლევისთვის არც ისტორიკოსები გამოჩენილან და არც ტურისტები.

 

მზევინარი ჯაბნიძე, სოფელი ზუნდაგა, ქედა, 2019 წელი

ამ თემაზე:

სტუმარ-მასპინძელი აჭარაში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: