მთავარი,სიახლეები

ენმ-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება

05.04.2019 • 2018
ენმ-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მას ხულოს თეატრში ხვალ, 6 აპრილს, დღის ორის ნახევარზე წარადგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია.

„თავდაპირველად ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ – პარტიული სიის პირველი ნომერი. ჩემი მთავარი გზავნილია შეჩერებული და შენელებული პროექტების ამუშავება. ამაზე დეტალურად ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,“ – გვითხრა ირაკლი ჯორბენაძემ.

რა იგულისხმება „შეჩერებულ და შენელებულ პროექტებში“? – ირაკლი ჯორბენაძე განმარტავს, რომ ძირითადად კურორტ „გოდერძის“ გულისხმობს.

„იქ ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია. ასევე აღარ განიხილება ხულო-გოდერძის გზის საკითხი…  პრობლემაა ხულოს სოფლებში სასმელი წყალი. როგორც ათეული წლების წინ იყო, ახლაც ასეა – მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება და ისიც უხარისხოა,“ – ამბობს ირაკლი ჯორბენაძე.

ხულოში მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, როცა 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხულოში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: