ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის დანატოვარი

05.04.2019 • 6229
ივანიშვილის დანატოვარი

2016 წელს, როცა ქართულ მედიაში სტატიები გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასწლოვანი ხის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანას აპირებდა, საზოგადოებამ ეს ამბავი უჩვეულოდ და არარეალურად მიიჩნია.

სამი წლის შემდეგ გიგანტური ხეების გადატანა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და სამეგრელოში, ჩვეულებრივი ამბავია. აქ აღარავის უკვირს, არც ზღვაზე გემით მცურავი ხის დანახვა და არც საკუთარ სოფელში უჩინარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოჩენა.
აჭარის რეგიონიდან შეკვეთილში ხეები წაიღეს 13 ადგილიდან: ბათუმიდან, ციხისძირიდან, მწვანე კონცხიდან, მახინჯაურიდან, ჩაქვიდან, ბუკნარიდან და ქობულეთის სოფლებიდან – ცეცხლაური, კვირიკე, ზენითი, ხუცუბანი, გელაური, გვარა, ბობოყვათი.
ზღვაში გაცურა ან ხმელეთით „იმოგზაურა“ ასწლოვანმა ტიტებმა, მაგნოლიებმა, სექვოიებმა, კედრებმა, ევკალიპტებმა თუ ქაფურის ხეებმა.
ყველა ხე შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 4,5 ჰექტარზეა გაშლილი. ოფიციალურად პარკის ტერიტორია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიას – „ურეკი რეზიდენსს“ ეკუთვნის.

ხის გადატანა

როგორ აღადგინა გადამზიდავმა კომპანიამ დაზიანებული ტერიტორიები

საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად [ჯამში ხუთი კანონი], კომპანიები, რომლებიც ხეებს ეზიდებიან, ვალდებული არიან, ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ტერიტორია – წარმოქმნილი ქვაბულები აღადგინონ. მთავარი გარემოსდაცვითი პრობლემა სწორედ ნიადაგის, მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ სპეციალური ღონისძიებების გატარების გარეშე გარემოს აღდგენა შეუძლებელია, თუმცა სრულად აღდგენა ვერც ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ხერხდება.
2018 წლის 19 მარტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ბათუმელებს“ ოფიციალურად აცნობეს, რომ ხეების გადამზიდავი კომპანიები დაზიანებულ ტერიტორიებს ექვს მისამართზე აღადგენდნენ [სხვა დაზიანებული ტერიტორიების აღდგენაზე არსებობს თუ არა მსგავსი შეთანხმება, „ბათუმელებისთვის“ უცნობია]. იმავე დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო და გადამზიდავი კომპანიები ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ და შესაბამისი პროექტებიც დაამტკიცეს.

“აღდგენილი” ტერიტორია ციხისძირის უღელტეხილზე. ამ ადგილიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი მაგნოლია წაიღეს

კომპანიას „განზრახული აქვს ხეების ამოღების დროს წარმოქმნილი ქვაბულის და ხეებთან მისასვლელი დროებითი გზებით დაკავებული ფართობების აღდგენა/რეკულტივაცია. ამ მიზნით მომზადებული იქნა წინამდებარე რეკულტივაციის პროექტი. საბოლოო ბიოლოგიური რეკულტივაცია დამთავრდება 2018 წლის მარტში“, – გვაცნობეს სამინისტროდან ზუსტად ერთი წლის წინ.  კომპანია „იღებს ვალდებულებას აღადგინოს ქვაბულის ტერიტორია პირვანდელ ან/და პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობამდე“.

რა და როგორ აღადგინეს

„ბათუმელები“ გასულ კვირას ყველა იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკისთვის ხეები წაიღო. უშუალოდ ხეების ამოთხრის ადგილი მხოლოდ ერთგანაა აღდგენილი – ბენზეში, ბათუმის შემოსასვლელთან. იქ, საიდანაც ასწლოვანი მაგნოლიები ამოთხარეს, ახალი ნერგები დარგეს. თუმცა მათი უმრავლესობა უკვე გამხმარია. ამასთან, ტერიტორია სანახევროდაა „აღდგენილი“. გარკვეულ მონაკვეთზე ან ისევ მიწის გორები დგას, ან გადათხრილია.
„აჭარა შთაგაგონებს სიყვარულს“ – ასეთი წარწერაა ჩაქვში, გზისპირას ახლადმოწყობილ პარკში. კომპანიამ აქ ხეები კომპენსაციის მიზნით დარგო.
ბიძინა ივანიშვილმა დასასვენებელი პარკი მოაწყო ასევე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე. პირველი ტიტა მან სწორედ აქედან წაიღო. ადგილობრივი მოსახლეობა პარკს ფაქტობრივად ვერ იყენებს. აქ არ არის არც საბავშვო მოედანი, არც რაიმე გასართობი. ამასთან, პარკს არ აქვს ზღვაზე ჩასასვლელი.
კიდევ ერთი ადგილი – ციხისძირის უღელტეხილი ცენტრალური საავტომობილო გზიდან ჩანს. აქედან ივანიშვილმა გიგანტური მაგნოლია წაიღო. სანაცვლოდ კი 20-მდე ძირი ხე დარგეს. აქ ხეები გახარებულია, თუმცა ტერიტორიაზე ამჟამად ეროზიული პროცესი ვითარდება.

რა არ აღადგინა და სად

სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ხეების ამოღების გამო დაზიანდა, იგივე სურათი დაგვხვდა, რაც ხეების ამოღების დროს: უზარმაზარი ორმოები და ქვაბულები არავის აღუდგენია. ციხისძირის უღელტეხილზე, საიდანაც ივანიშვილმა ხეები წაიღო, გორაკები 3, 4 და ზოგან ხუთი მეტრის სიმაღლეზეც კი მოჭრეს. ამ ადგილებში დღეს სიცარიელეა.
2018 წლის 30 იანვარს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, განაცხადა, რომ კომპანიებს, რომლებსაც ხეები მიაქვთ შეკვეთილში, ამოთხრილი ადგილების რეკულტივაციისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვთ. მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებებისა, კომპანიებს ის არ შეუსრულებიათ.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ ხელმძღვანელს, პაატა სულაბერიძეს ვკითხეთ, რატომ არ აღადგინეს კომპანიებმა ის ტერიტორიები, საიდანაც ხეები წაიღეს. დენდროლოგიური პარკის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ყველა ხე, რომელიც აჭარაში ითხრება და ზღვით ან ხმელეთით შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ივანიშვილს უკავშირდება იმ ხეების განადგურებაც, რომლებიც ხეების გადატანის გამო მოჭრეს.

ჭრიდნენ ან/და ჭრიან ასწლოვან ხეებს, მთლიანად გაჩეხეს ქარსაცავი ზოლი სოფელ კვირიკეში. ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუ რა ზიანი მიადგა ნიადაგს მიწის ნაყოფიერი ფენის მოჭრით.

ვის შეუძლია დენდროლოგიური პარკით სარგებლობა

როდესაც სოციალურ ქსელში ან საინფორმაციო გამოცემებში ხეების გადატანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ პარკი საჯაროა და იქ შესვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. „ბათუმელებმა“ ბერა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის, „ურეკი რეზიდენსის“ დირექტორს, პაატა სულაბერიძეს წერილობით სთხოვა, დენდროლოგიური პარკის გადაღების ნებართვა.
„დენდროლოგიურ პარკში მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები, პარკს ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია, ამის გამო ფოტო და ვიდეოგადაღება მიზანშეწონილი არაა. გადაღება და დათვალიერება შესაძლებელი იქნება პარკის სრულად მოწყობის შემდეგ,“ – მოგვწერა პაატა სულაბერიძემ.
თუ შეკვეთილის პარკში შესვლას მაინც ეცდებით, იმედი გაგიცრუვდებათ. ტერიტორიას ორმეტრამდე სიმაღლის რკინის მესერი აქვს შემორტყმული. ხმა კი, რომელიც პარკიდან გამოდის, ჯუნგლებში ყოფნის ილუზიას შეგიქმნით. თუ პარკს ჩრდილოეთით, ზღვის მხრიდან, შემოუვლით, ღობის ერთ მონაკვეთთან საიმედოდ ჩაკეტილ ჭიშკარს იპოვით. ჭიშკრიდან მხოლოდ ეგზოტიკური თუთიყუშების ვოლიერები ჩანს. ამ ტერიტორიაზეც, ისე როგორც მთელ პერიმეტრზე, რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, პარკის მოწყობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება და ის უფასო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.[red_box]ინტერაქტიული რუკა, სანახავად დაკლიკეთ აქ[/red_box]
ბიძინა ივანიშვილი ხეებს შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკისთვის ეზიდება. სოფელ წვერმაღალაში კი უკვე დაასრულა მსგავსი პატარა პარკის მოწყობა. ვცადეთ უკვე დასრულებულ პარკში მაინც შევსულიყავით და გვენახა, თუ როგორ გამოიყურება, თუმცა იქაურობაც შემოღობილი და ჩაკეტილია.
როგორც წვერმაღალაში ამბობენ, იმ ადგილას, სადაც ახლა პარკია, ადრე თავშეყრის ადგილი იყო ე.წ. სოფლის ბირჟა. ახლა ამ პარკში შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი. პარკი დაკეტილია სოფლის მოსახლეობისთვისაც.
მოსახლეობას ვკითხეთ, შეეძლოთ თუ არა პარკით სარგებლობა, დასვენება ან სეირნობა. „იქ ვინ შეგიშვებს, ივანიშვილისაა. თავად ჰყავს მისი ხალხი იქ. ან რა გინდა, რომ შეხვიდე?“ – კითხვას კითხვითვე პასუხობს წვერმაღალას მცხოვრები მედიკო ცერცვაძე.
სოფელ წვერმაღალას კიდევ ერთი მცხოვრები ეთერ ნიკოლაიშვილი კი ამბობს, რომ პარკით სოფლის მოსახლეობას სარგებლობა შეუძლია.
„ახლა დაკეტილია, მაგრამ ის ბიჭი არაა, ვინც დარაჯობს, თორემ შეგიშვებდათ. ადრე აქ გველები იყო, მეტი არაფერი. ახლა ივანიშვილმა გააკეთა და ძალიან ლამაზი პარკია. დაკეტილი რატომაა და გახსნილი რომ იყოს, ყველა ყველაფერს მოიპარავს, კარგად ქნა, რომ დაკეტა,“ – ამბობს ის.
რეალურად, პარკში არათუ შესვლა, გადახედვაც კი შეუძლებელია.

ვინ რა სარგებელი მიიღო ხეების გადატანით

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ხის მეპატრონეს 50 ათასი ლარიც კი მიუღია ხის სანაცვლოდ. ხოლო ის ხეები, რომლებიც სახელმწიფო მიწაზე იდგა, ივანიშვილს უფრო იაფი დაუჯდა. მაგალითად, 2015 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც შპს „ზიმოს“ საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე, ჯამში სამივე ხის ღირებულება 6 200 ლარი იყო. 2018 წლის იანვარში, ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე კი კომპანია „ზიმომ“ 19 500 ლარად იყიდა.
მაყვალა ართმელაძე ციხისძირში ცხოვრობს. ის ხეების გადატანის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელსაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. 2016 წელს, როცა ციხისძირიდან, მე-13 ქუჩის გასწვრივ მდებარე ნაკვეთიდან ასწლოვანი ტიტას ხე მოთხარეს და ზღვით წაიღეს, მაყვალას დაჰპირდნენ, რომ კომპენსაციას მიიღებდა. მაყვალას იჯარით აღებულ მიწაზე ხეხილის ბაღი ჰქონდა გაშენებული და ბოლო 27 წლის მანძილზე ამ ადგილით სარგებლობდა.
„იმ პერიოდში, როცა აქ სამუშაოები მიდიოდა, ჩემი ქმარი იწვა საავადმყოფოში, ქუთაისში. აქ თავზე დადგომის და კონტროლის დრო არ მქონდა. ისე წაიღეს ხე, ვერ მოვიცალე. ყველაფერი გამინადგურეს. ჩემი ბაღიდან აღარაფერია დარჩენილი,“ – ამბობს მაყვალა ართმელაძე.
მაშინ ციხისძირში, მე-13 ქუჩის მიმდებარედ, დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწის ფართობი გადათხარეს. აქ ნიადაგი ახლაც მთლიანად განადგურებულია. ასწლოვანი ევკალიპტი, რომელიც ივანიშვილის გემოვნებაში არ ჩაჯდა, ხელუხლებელი დატოვეს. თუმცა ხეს ირგვლივ ნიადაგი გამოაცალეს. ხე გახმა.

კიდევ ერთი გამხმარი ევკალიპტი ციხისძირის უღელტეხილზე დგას, იმ ტერიტორიის დასაწყისში, საიდანაც ივანიშვილის დაკვეთით ორი ძირი მაგნოლია ამოთხარეს. არც ეს ტერიტორია არ აღუდგენია არავის.

ამ ადგილიდან ივანიშვილის დაკვეთით ორი ძირი მაგნოლია 2018 წელს წაიღეს.
ტერიტორია ამ დრომდე არავის აღუდგენია

დაბა მახინჯაურში ხეები რამდენიმე ადგილას ამოთხარეს. მათ შორის წერეთლის ქუჩაზეც, ერთ-ერთი კერძო მოსახლის ეზოში.
„ბათუმელები“ იმ ადამიანებს შეხვდა და ესაუბრა, ვინც წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობს. მათ ვკითხეთ, თუ როგორ შეიცვალა მათი სოციალური მდგომარეობა ხეების გაყიდვის შემდეგ. ღიად, კამერის წინ საუბარი და ინტერვიუს მიცემა არავინ ისურვა, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ ემადლიერებიან ბიძინა ივანიშვილის, რადგან ხის გადატანისთვის ერთ მოსახლეს სახლი გადაუხურა, სოფლის გზაზე – გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დააგო.
ჯემალ გოგიტიძე მახინჯაურში იმ უბანში ცხოვრობს, საიდანაც ივანიშვილმა ევკალიპტი წაიღო. უზარმაზარი ევკალიპტი მისი სახლის ახლოსაც დგას. ივანიშვილს ეს ხეც მოსწონებია, თუმცა იმის გამო, რომ მიუვალ ადგილას იდგა, საბოლოოდ მისი წაღება გადაუფიქრებია.
„სოფელში არავინ წინააღმდეგი არ წასულა ევკალიპტის გადატანის. თუ ვინმეს რამე ზიანი მიადგა, ყველაფერი აუნაზღაურდა – მეტრობით გაიზომა, სიგრძე, სიგანე დაზიანებული ადგილების და აუნაზღაურდა ყველას. ყველაზე მეტი თანხა გასცეს კომპენსაციად 4500 ლარი. ერთ მოსახლეს 4000 ლარი მოუწია, მეორეს – სამი და ა.შ. თავად ხის მფლობელს 50 ათასი ლარი გადაუხადეს. 100 ათასი დააფასა, მაგრამ 50-ზე ჩამოვიდა მერე. თვითონ პირადად იყო ბიძინა ორჯერ მოსული. შეხედა, შემოხედა, უზარმაზარი ევკალიპტის ხე იყო და რა ვიცი, დაუჯდა ჭკუაში და წაიღო,“ – ამბობს ჯემალ გოგიტიძე.
ტერიტორია, საიდანაც ევკალიპტი წაიღო, ბიძინა ივანიშვილს არ აღუდგენია.

ამ ადგილას გიგანტურმა ევკალიპტმა “გაიარა”
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რამდენად კანონიერად გააქვთ ხეები

ხეების გადატანის პროცესი სამართლებრივად თავიდანვე ბუნდოვნად დაიწყო. 2015 წლის 31 დეკემბერს გიგანტური ხეების გადატანის ნებართვას პირველად ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოაწერა. არჩილ ხაბაძე ამ პოსტის დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. აჭარის მთავრობამ იმ პერიოდში განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნებართვის გაცემას მოსახლეობის საკეთილდღეოდ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელებით ხსნიდა.
2018 წლის იანვარში ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კომპანია „ატუმ“ ცრუ ქაფურის, წაბლისა და ფიჭვის ხეები მოჭრა. ისინი ხელს უშლიდნენ იმ ქაფურის ხეების გადატანას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში გადასატანად მოეწონა.
6 ძირი ქაფურის ხის მოთხრა გადასატანად 2018 წლის 11 იანვარს უკვე დაწყებული იყო, როცა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობიდან გამოითხოვა დოკუმენტები, თუ რის საფუძველზე ტარდებოდა სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ატუს“ აჭარის მთავრობამ ნებართვა სხვა ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე მისცა. ხეების გატანის ნებართვა კი კომპანიას არ ჰქონდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე ბრძანება 2018 წლის 18 იანვარს გამოსცა, ანუ მას შემდეგ, როცა საკითხით მედია დაინტერესდა, ხეები კი გადასატანად გამზადებული იყო.
2018 წლის მარტში ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს. მიზეზი ის ევკალიპტი გახდა, რომელსაც ამ გზაზე უნდა გაევლო და რომლის გატარებასაც ქარსაცავი ზოლი ხელს უშლიდა.

როგორ ეხმარებიან სახელმწიფო ინსტიტუციები ბიძინა ივანიშვილს

ის ადგილი, სადაც ტიტას ხე იდგა ციხისძირის უღელტეხილის დასაწყისში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.
მაშინ ხის ყიდვა უნდოდა ოპოზიციასაც. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 წლის აპრილში სახელმწიფო უწყებებს ამის შესახებ წერილობით აცნობა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფრაქციას ტიტას მიყიდვაზე უარი უთხრა. არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ დეპუტატთა გაერთიანება – ფრაქცია, ვერ გახდება სახელმწიფო ქონების შემძენი.

ვინ იღებს ხეებს ოფიციალურად

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

დენდროლოგიურ პარკში გადარგული ხეები შეკვეთილში

სამართლებრივი შეფასება

აჭარიდან ხეები უკვე სამი წელია გააქვთ. ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუფასებია პროცესი სამართლებრივად თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. საკითხს ამჟამად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სწავლობს. ორგანიზაციაში მოკვლევის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.
კვლევა არ მომზადებულა არც ხეების გადატანის ეკოლოგიურ შედეგებთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით არც ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია ამ თემაზე არ მუშაობს. ასევე არც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტს არ შეუსწავლია გადათხრილი ტერიტორიები. შესაბამისად, არ არსებობს მიუკერძოებელი დასკვნა, თუ რა ზიანი მიადგა ხეების გადატანით ლანდშაფტურ გარემოს.
გარემოსდაცვითი კუთხით მომუშავე არასამთავრობოები თემის შეუსწავლელობას ფინანსებისა და რესურსების სიმწირით ხსნიან.
პირველი ხის გადატანა, 2016 წელს გარემოსდამცველების მიერ გამართული აქციების ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც. დღეისათვის კი ხეების გადატანას სამოქალაქო აქტივისტები აღარ აპროტესტებენ. ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რაიმე აქცია, სადაც ხეების გადატანას გააპროტესტებდნენ, არ გამართულა. ხეების გადატანას ბოლო ორი წლის მანძილზე მხოლოდ ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: