მთავარი,სიახლეები

6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

04.04.2019 • 2167
6 წლის გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები კლინიკის წინ აქციას მართავენ

დღეს, 4 აპრილს, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრთან 6 წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი ბავშვის გარდაცვალების მიზეზად არასწორ მკურნალობას ასახელებენ.

გარდაცვლილი ბავშვის დედა თამარ ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი 2018 წლის 25 დეკემბერს მაღალი ტემპერატურით მიიყვანეს აღნიშნულ საავადმყოფოში, სადაც, მისივე თქმით, 31 დეკემბრამდე ბავშვს დიაგნოზი არ დაუსვეს.

„გადასხმებს უკეთებდნენ და არ იცოდნენ რაზე მკურნალობდნენ. როცა ბავშვი ძალიან ცუდად გახდა, მოვითხოვეთ რეანომობილით თბილისში გადაყვანა იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, თუმცა გადაგვიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. იქ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. შეშუპებული იყო სულ, რადგან დღეში სამ გადასხმას უკეთებდნენ.

დიაგნოზი არ უთქვამთ, თუ რა სჭირდა ბავშვს და ასე უდიაგნოზოდ მკურნალობდნენ. რა იწვევდა სიცხეს, ეს ვერ დაადგინეს“, – გვეუბნება დედა.

გარდაცვლილი საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრების აქცია

დედის თქმით, როცა 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც ბავშვის მონაცემები გერმანიაში გადააგზავნეს.

საბა კიწმარიშვილის მშობელი ამბობს, რომ საბას მდგომარეობა 19 იანვარს კიდევ უფრო დამძიმდა, რეანიმაციაში გადაყვანის შემდეგ კი მალე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ბავშვის გარდაცვალების მიზეზების მოკვლევას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს იმ სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი ვალდებულებაც იყო დროული დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობის ჩატარება.

„მაღალტექნოლოგიური დანადგარები და აპარატები გვაქვსო და დიაგნოზის დასმა ხომ უნდა შეეძლოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დაუდევრობით გამოწვეული და არ ვაპირებთ გავჩერდეთ. აუცილებლად ლიცენზია უნდა შეუჩერდეს ყველა იმ პირს, ვისაც ბავშვის გარცვალებაში მიუძღვის წვლილი“, – ამბობს თამარ ჩხიკვაძე.

„ბათუმელები“ აღნიშნულ თემაზე კლინიკიდან კომენტარს ელოდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: