მთავარი,სიახლეები

დაითვალა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რა დაჯდება კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“

04.04.2019 • 1731
დაითვალა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ რა დაჯდება კორპუსების აშენება „ოცნების ქალაქში“

10 მილიონი ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც აჭარის მთავრობამ გააჟღერა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ახალი კორპუსების ასაშენებლად. მთავრობას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა დაჯდება მთლიანობაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა – „ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც იგი „ოცნების ქალაქის“ ხარჯებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

ბატონო თორნიკე, „ოცნების ქალაქის“ დასახლებიდან რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შემოსული და ამ ოჯახებიდან დაახლოებით რამდენი მიიღებს ბინას? 

1000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული ამ დროისთვის და მუშავდება ადმინისტრაციული წესით, რომ გამოირიცხოს იურიდიული ან ფაქტობრივი შეცდომა. უკვე წარმატებით შედგა შესყიდვა საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დეტალური პროექტის წარმოდგენის შემდეგ, გადავალთ აქტიურ სამშენებლო ფაზაზე. რაც შეეხება გადანაწილებას, გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულ ჯგუფად ვთვლით ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სახლ-კარი. სანამ ყველა განცხადება არ იქნება მიღებული და დამუშავებული, ბუნებრივია, პროცენტობაზე გამიჭირდება საუბარი.

აჭარის მთავრობამ სოფელ ვაშლოვანში 72-ბინიანი სოციალური სახლის ასაშენებლად 3 მილიონზე  მეტი ლარი დახარჯა. ამ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად, ვინც ახლა „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ამ პროექტს მინიმუმ 80 მილიონი ლარი დასჭირდება. თქვენი გათვლებით, რა დაჯდება „ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენება?  

არ ვთვლი, რომ ამ ორი კონკრეტული ობიექტის შედარება სწორია. იქ სხვა გეოგრაფიაა, სხვა ტერიტორია, კლიმატიც სხვა არის და სტანდარტიც, ამას ჩანართად გეუბნებით, ეს ჩემი შეფასებაა. რაც შეეხება თანხებს, პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ეს იქნება პირველი ეტაპი და საბოლოოდ,  ტენდერებში შეიძლება გვქონდეს ეკონომიები. 2019 წელს ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ვნახავთ, რამდენი საცხოვრებელი ფართი იქნება შემოთავაზებული, როგორ იქნება ეს გადანაწილებული და შემდეგ გვეცოდინება. საბოლოო ჯამში. რა თანხაზეა საუბარი. მერწმუნეთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

საზოგადოების ნაწილს ჰქონდა კრიტიკული შეფასება თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე. მათ დაასახელეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ იქნება საფრთხე იმ მოქალაქეების საცხოვრებლით დაკმაყოფილება სახელმწიფოსგან, რომლებმაც, თავის დროზე, სახელმწიფო ქონება თვითნებურად დაიკავეს. მთავარი არგუმენტი პრეცედენტია, რომელიც თქვენ შექმენით…

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს მარტივი კითხვა მინდა დავუსვა: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, რა უნდა გვექნა? დაახლოებით 1000 ბავშვი ცხოვრობს იმ დასახლებაში. რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არის ის 1000 ბავშვი, რომელთა სიცოცხლე ყოველდღიურ რეჟიმში არის საფრთხის ქვეშ, მინიმალური ჰიგიენის პრობლემები და გამოწვევები, რაც არის იქ… ამ შემთხვევაში გულზე ხელის დაკრეფა არის დანაშაული.

ადასტურებთ თუ არა იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების უმოქმედობით დადგა ეს შედეგი – 2012 წელს იქ დაახლოებით 200 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა – 2 ათასია. უნდა დამდგარიყო თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი? 

მე მინდა გკითხოთ: მაშინ ვინ უნდა აგოს პასუხი, როცა ჩვენმა დაქირავებულმა ხელისუფლებამ აჭარაში ორჯერ გაზარდა ბიუჯეტი ბოლო 5 წელიწადში?

ამადლით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გაიზარდა? 

არა, მაგრამ ამავე კონტექსტში გიპასუხებთ: ხელისუფლება ვალდებულია, ბიუჯეტი გაზარდოს, შეასრულოს… ხელისუფლებას რომ აქვს პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ გამონახა რესურსი და მიიღო გადაწყვეტილება.

მაგრამ არავისი პასუხისმგებლობა არ დამდგარა უმოქმედობის გამო. 

შედეგობრივად იგივე „ქართული ოცნების“ დროს მოგვარდა ეს პრობლემა… პასუხისმგებლობაში რას გულისხმობთ, ვის უნდა ეგო პასუხი? ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა რა ჭრილში უნდა დამდგარიყო? მე ვამბობ, რომ ყველას ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩემმა წინამორბედებმაც ეს გაიზიარეს. პერსონიფიცირებულად პასუხისმგებლობა დადგება, თუკი არსებობს სამართლებრივი გადაცდომა.

თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელი ინტერვიუ „ბათუმელებმა“ პირველ აპრილს ჩაწერა. ინტერვიუს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ოჯახი „ოცნების ქალაქში“, მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: