კონკურსი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად



მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი.

„კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადები განსაზღვრულია 2019 წლის 3 აპრილიდან – 17 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;
ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
თ) სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები საჩუქრად ტიხრული მინანქრის ვერცხლის გულსაბნევს მიიღებს წარწერით – „საუკეთესო მასწავლებელი“. „ასევე, ცენტრი გადასცემს ტექნიკას. კერძო სექტორს აქვს მათ მიერ დაწესებული საჩუქრები“-გვეუბნებიან ცენტრში.

დეტალები იხილეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com